წმიდა ათანასე I, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი
წმიდა ათანასე I, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (1289-1293; 1303-1311), ერისკაცობაში ალექსი, ადრიანოპოლიდან იყო. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, ქრისტიანული სიბრძნის შემეცნებაში წარმატებულმა, დატოვა მშობლიური სახლი, თესალონიკს მიაშურა და ერთ-ერთ მონასტერში აკაკის სახელით ბერად აღიკვეცა. აქედან წმიდანი მალე ათონის წმიდა მთაზე გადავიდა და ესთიგმენის სავანის ძმობაში შევიდა, სადაც სამი წლის მანძილზე გულმოდგინედ აღასრულებდა მეტრაპეზის მოვალეობას. გამუდმებული შრომითა და თავისი სათნოებებით ნეტარმა საყოველთაო კეთილგანწყობა დაისმსახურა. მდაბალი აკაკი განერიდა კაცთამიერ ქებას, დატოვა ათონი, იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა, შემდეგ კი პატრის მთას მიაშურა და განდეგილის ღვაწლი იტვირთა. აქედან მოსაგრე ჯერ აქვსენტის მთაზე გადავიდა, შემდეგ კი გალატინის მთაზე მდებარე მონასტერში, სადაც დიდი სქემა შეიმოსა ათანასეს სახელით, მღვდლადაც ეკურთხა და ეკლესიარქად იქნა დადგენილი. აქვე გახდა წმიდანი ღირსი ღვთაებრივი გამოცხადებისა: ჯვარცმიდან გამოსულმა უფლის ხმამ სამღვდელმთავრო მსახურებისკენ მოუწოდა.

როცა ათი წელი მიიწურა, წმიდა ათანასე, რომელსაც სურდა, კიდევ უფრო განემტკიცებინა სული მდუმარებასა და ლოცვაში, კვლავ ათონზე გადავიდა, მაგრამ წარმოქმნილიმა არეულობამ აიძულა, გალატინის მთასვე დაბრუნებოდა. ვერც აქ ჰპოვა ნეტარმა სასურველი განმარტოება: უამრავი ხალხი მოდიოდა რჩევა-დარიგებისათვის. ასე წარმოიქმნა ამ ადგილას დედათა მონასტერი. იმ ხანებში, პატრიარქ იოანე ვეკის დროინდელი შფოთისა და არეულობის შემდეგ, კონსტანტინეპოლის კათედრა დაქვრივებული იყო. კეთილმსახური იმპერატორის, ანდრონიკე პალეოლოგის წინადადებით 1289 წელს მღვდელმთავართა და ღვთისმსახურთა კრებამ წმიდა ათანასე ერთხმად აირჩია ეკლესიის წინამძღვრად.

ნეტარი მამა მოშურნედ შეუდგა ახალი მოვალეობის შესრულებას: გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოში მწვალებლურ სწავლებათა აღმოსაფხვრელად, მკაცრად ამხელდა სასახლის კარისა და ეკლესიის მსახურთა მანკიერებებს. ყოველივე ამან გავლენიან სასულიერო პირთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1293 წელს წმიდანი იძულებული გახდა, კათედრა დაეტოვებინა. ნეტარი კვლავ განმარტოებულ მოღვაწეობას დაუბრუნდა თავის მონასტერში. 1303 წელს, უფლის ნებით, ათანასეს ხელმეორედ გადასცეს პატრიარქის კვერთხი. კიდევ შვიდი წელი ზიდა უფლის რჩეულმა მწყემსმთავრის მძიმე ჯვარი, მაგრამ 1311 წელს, როცა სამღვდელოებაში ისევ უკმაყოფილებამ იჩინა თავი, მან არ ისურვა, ეკლესიური შფოთის მიზეზი შექმნილიყო, თავის სავანეს მიაშურა და მთალიანად მონაზვნურ ღვაწლს მიეცა. სიცოცხლის დასასრულს ათანასე კიდევ ერთხელ გახდა ღირსი იესო ქრისტეს გამოცხადებისა: უფალმა გაკიცხა იგი სამეუფო მოვალეობის ბოლომდე შეუსრულებლობისათვის. წმიდანი ცრემლად დაიღვარა და შეინანა თავისი სულმოკლეობა, რისთვისაც ცოდვათა შენდობა და საკვირველთქმედების ნიჭი მიემადლა. მღვდელმთავარი ათანასე 100 წლის ასაკში მიიცვალა XIV საუკუნის დასაწყისში.

ukan
Hosted by uCoz