ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, მისი ძმისწული
ღირსი აბრაამ დაყუდებული, ასურელი მოღვაწე, IV საუკუნეში ცხოვრობდა. წმიდანი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მაგრამ ერთ უკაცრიელ ქოხში დაეყუდა. აქ იგი მკაცრ მარხვასა და დაუდუმებელ ლოცვაში ატარებდა დღეებს. როცა მშობლები გარდაეცვალა, უფლის რჩეულმა მისი კუთვნილი მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ედესის ეპისკოპოსისა და სამღვდელოების ვედრებით მან ხუცესის ხარისხი მიიღო და ერთ-ერთი წარმართულ სოფელში დაიწყო მოღვწეობა. სამი წელი დაუცხრომლად იღვწოდა წმიდა მამა გონებადაბინდულ კერპთმსახურთა განსანათლებლად, მოთმინებით იტანდა მათგან ყოველგვარ ლანძღვა-გინებასა და გვემას: ერთხელ უღმერთოებმა სასიკვდილონ ნაცემი მოღვაწე მახლობელ ტყეში უპატრონოდ დააგდეს, მაგრამ, ღვთის წყალობით, გადარჩა. ყოვლადსახიერმა უფალმა მოწყალებით მოხედა თავის ერთგულ მსახურს - მისი ღვაწლი წარმატებით დაგვირგვინდა: წარმართებმა ირწმუნეს ქრისტე და ნეტარი აბრაამის ხელით მოინათლნენ. ამის შემდეგ ღირსი მამა კვლავ ძველ სამოღვაწეო ადგილს დაუბრუნდა. უსაზღვრო იყო წმიდანის თავშეკავება - მის მთელს ქონებას შეადგენდა: ქიტონი და ჯვალო, რომელიც ემოსა, ჯამი, რომლითაც საზრდელს ღებულობდა და ჭილობი, რომელზეც ეძინა. წმიდანი სულ უფრო და უფრო მაღლდებოდა სულიერი სრულყოფის საფეხურებზე. მისი ახოვნებით სირცხვილეულ-ქმნილი ბოროტი ცდილობდა, ამპარტავნების ვნებით დაეთრგუნა ღვთის სათნომყოფლის სული. ერთხელ, შუაღამით, როცა ღირსი აბრაამი თავის სენაკში ლოცულობდა, უეცრად იქაურობა ნათლით გაბრწყინდა და გაისმა: „ნეტარ ხარ შენ, ნეტარ ხარ, როგორც არავინ კაცთა შორის“. წმიდანმა გულისხმაყო მტრის მანქანება და თქვა: „მე - ცოდვილი კაცი ვარ, მაგრამ ჩემი უფლის შეწევნასა და მადლს ვსასოებ და შენი არ მეშინია“. სხვა დროს დემონი ჭაბუკის სახით წარსდგა მოსაგრის წინაშე, სანთელი აანთო და დაიწყო ფსალმუნის გალობა: „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან სჯულსა უფლისასა“. ბერი არც ახლა მოტყუვდა - პირჯვარი გადაისახა და იკითხა: „თუ იცი, რომ ნეტარ არიან უბიწონი, რატომ აშფოთებ მათ?“ მაცთურმა მიუგო: „მსურს დავთრგუნო ისინი და კეთილ საქმეებს განვაშორო“. მაშინ წმიდანმა უპასუხა: „შენ მხოლოდ მათზე იმარჯვებ, ვინც ნებით განუდგა უფალს, ღვთისმოყვარეთა წინაშე კი განქარდები, ვითარცა კვამლი ქართაგან“. ამ სიტყვებზე დემონი გაქრა. ასე ამარცხებდა სულიწმიდის მადლით ღირსი აბრაამი მზაკვარ წინააღმდგომს. წმიდა მამას მთელი სულით უყვარდა უფალი - ცდილობდა, მუდამ მისი ნება აღესრულებინა; უსაზღვროდ უყვარდა მოყვასიც, განურჩევლად მათი წოდებისა და ქონებრივი მდგომარეობისა. წმიდანთან მრავალი ადამიანი მიდიოდა სულიერი რჩევა-დარიგების მისაღებად. დაუცხრომელი ღვაწლისათვის მას უფალმა კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. უკვე მოხუცი ღირსი აბრაამი მიცვალებამდე 15 წლით ადრე მეორეჯერ, ამჟამად მცირე ხნით, გამოვიდა დაყუდებიდან - წრფელ გზას გადამცდარი თავისი ძმისწულის, მარიამის გადასარჩენად. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მოსაგრე ცხოვრების შემდეგ 70 წელს მიღწეული უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 360 წელს. უამრავი ხალხი შემოკრბა მის დაკრძალვაზე. „კაცად-კაცადი მიეახლებოდა მოსწრაფებითა წმიდათა მათ ხორცთა მისთა, და მოიტაცებდეს სამოსლისა მისისაგან ფესუსა და რავდენთა სნეულთა შეახებდეს ფესუსა მას, განიკურნებოდეს“. წმიდა აბრაამ დაყუდებულის ცხოვრების შესახებ ცნობები შემოგვინახა მისმა თანამედროვემ და სულიერმა მეგობარმა, ღირსმა ეფრემ ასურმა.

ღირსი მარიამი, აბრაამ დაყუდებულის ძმისწული, შვიდი წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა და აღსაზრდელად ბიძას ჩააბარეს. წმიდა მამამ „ბრძანა ყოფაჲ მისი გარეშესა მას სახლსა“. სენაკის მცირე სარკმლიდან შეასწავლა ღირსმა აბრაამმა მარიამს „დავითნი და სხუანი წიგნნი“. უბიწო ასული ბაძავდა ბიძას მონაზვნურ ღვაწლში, მასთან ერთად მარხულობდა, მღვიძარბდა, გალობდა „და ისწრაფდა აღსრულებად ყოველთა სათნოებათა“. აბრაამმა ძმისწულის მთელი ქონება ობლებისა და გლახაკებს განუყო და ცრემლით ევედრებოდა უფალს, „რაჲთა არა შეიკრას გონებაჲ მისი რომელითამე ქუეყანისა საქმითა და ზრუნვითა“. „აღბორგდა ეშმაკი მის ზედა“. ნეტარის სიყვარულით აღძრულმა, მის სენაკთან ჯიუტად მიმომავალმა ერთმა ყმაწვილმა შეძლო წმიდა ქალწულის ცდუნება - მარიამმა გააღო სარკმელი, დატოვა სენაკი და „შეიგინა მის თანა მწჳრითა მით ურჩულოებისათა“. ცოდვის აღსრულების შემდეგ გონს მოსული ქალწული სასოწარკვეთილებამ მოიცვა, სენაკში დაბრუნება ვერ გაბედა, სხვა ქალაქს მიაშურა, სამოსელი გამოიცვალა და გარყვნილ ცხოვრებას მიეცა. ძმისწულის დაკარგვა რომ შეიტყო, აბრაამი მწარედ ატირდა და გულმოდგინედ შეევედრა უფალს, დაეცვა იგი „პირისაგან ვეშაპისა“. ორი წლის შემდეგ წმიდა მამამ მარიამის ადგილსამყოფელიც გაიგო, გამოვიდა ქოხიდან, ერისკაცის სამოსელი შეიმოსა, წოწოლა ქუდი დაიხურა, ამხედრდა და ქალაქს მიაშურა. საროსკიპოში შესულმა წმიდანმა მოითხოვა „ქალი ქმნულ-კეთილი“ - მარიამი: „მოუწოდე მას, რაჲთა დღეს ვიხარო მის თანა, რამეთუ ფრიადისა ჰამბავისა მისისათჳს ვეტრფიალე მას“. როცა აბრაამმა მეძავთა სახედ შემკული თავისი მტრედი იხილა, „პირი მისი აღივსო ცრემლითა“, მაგრამ თავი შეიკავა, „რაჲთა არა ცნას და ივლტოდეს“. მაშინ ნეტარმა მამამ, „რომელმან ერგასისა წელთა მონაზონებისა მისისათა პურისა გემოჲ არა იხილა და არცა ყოველთავე ღჳნისა... ჴორცი ჭამა და ღჳნოჲ სუა, რაჲთა იჴსნეს სული წარწყმედული“. ტრაპეზთან განცხრომის შემდეგ, როცა მარიამმა ოთახის კარი ჩაკეტა, სარეცელზე ჩამომჯდარმა ღირსმა აბაამმა თავისთან მოუხმო მას, მაგრად ჩასჭიდა ხელი, რომ არ გაქცეულიყო, შემდეგ კი ქუდი მოიხადა, გამოემცნაურა სულიერ შვილს და გოდებით უთხრა: „შვილო ჩემო, მარიამ, ვერ მიცანა? მე ვარ მამის ძმაჲ შენი აბრაჰამ! შვილო ჩემო და ნაწლევო ჩემო, არა მიცანა? მე ვარ, რომელმან განგზარდე შენ! რაჲ ესე ჰქმენ, შვილო ჩემო, ანუ ვინ მოგკლა შენ? სადა არს ხატი იგი შენი ანგელოზებრივი, რომელი გემოსა შენ?.. რაჲსათვის არა მითხარ, ოდეს იგი სცოდე, შვილო ჩემო და მემცა ვევედრე შენ წილ ღმერთსა საყუარელსა ჩეუნისა ეფრემის თანა. რაჲსათჳს ესე საქმეჲ ჰქმენ? რაჲსათჳს ესრეთ დამაგდე მე და მწუხარებასა დიდსა შემაგდე მე, შვილო ჩემო?“ შემდეგ კი შეუნანებელ ცოდვილთათვის განმზადებული ჯოჯოხეთის სატანჯველები და მონანულთა მიმართ ღვთის უსაზღვრო გულმოწყალება მოაგონა დაცემულს. მარიამს ეს რომ ესმა, „იქმნა ვითარცა ქვაჲ უსულოჲ ჴელთა შინა მისთა შიშისაგან და სირცხჳლისა“. აბრაამმა დასძინა: „არარას მომიგება, შვილო ჩემო მარიამ, და არას მეტყჳა, ნაწლევო ჩემო, ჩემ ზედა იყავნ ცოდვაჲ ეგე შენი, შვილო ჩემო, მე სიტყუაჲ მიუგო ღმერთსა დღესა მას საშჯელისასა, მე ვინანდე ცოდვისა მაგის შენისათჳს, შვილო ჩემო“, და შუაღამემდე ტირილით ევედრებოდა და შეაგონებდა მას. ბოლოს მარიამმა თქვა: „უკუეთუ უწყი, ვითარმედ შემძლებელ ვარ სინანულად და თუ შეიწყნაროს ღმერთმან სინანული ჩემი და მომიტევეს მე ღმერთმან შეცოდებანი ჩემნი, აჰა ესერა მოვალ, შეუვრდები და ვლოცავ შენსა სიწმიდესა და ჰამბორს უყოფ ფერხთა შენთა, რამეთუ ესრეთ წყალობა ჰყავ ჩემთვის და მოხუედ აქა, რაჲთა გამომიყვანო მე მწჳრისა ამისგან არაწმიდებისა“. მან თავი წმიდანის ფეხებთან დადო და სინანულითა და ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერებით აღსავსე მთელი ღამე ტიროდა. როცა გათენდა, ბიძა-ძმისწული ცხენზე შესხდნენ და დაყუდების ადგილს დაუბრუნდნენ. აბრაამმა წმიდა მარიამი შიდა სენაკში შეიყვანა, სადაც ადრე თავად მოღვაწეობდა, თვითონ კი გარეთა სენაკში დამკვიდრდა. „მიერითგან ნეტარი იგი ქალი ინანდა ძაძითა და ნაცრითა, სულ-თქუმითა და ცრემლითა მწარითა, აღმსთობითა და მღჳძარებითა დიდითა, მარხვითა და ცრემლითა, სიმდაბლითა და სიმშვიდითა შურებოდა გულსმოდგინედ და ინანდა მოსწრაფედ და ჰმადლობდა დაუცხრომელად“. ფიცხელი ღვაწლისთვის უფალმა თავის რჩეულს ცოდვათა მიტევება და კურნების ნიჭი მიმადლა.

ნეტარი აბრაამის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა მარიამმა ხუთი წელი იცოცხლა და „გარდარეულად შურებოდა და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთს დღე და ღამე“. როცა უფალმა წმიდა დედის სულიც შეივედრა, „პირი მისი... გაბრწყინდა, ვითარცა მზე“.

ukan
Hosted by uCoz