მართალი აბრაამ მამამთავარი და ძმისწული მისი ლოთი
მართალი აბრაამ მამამთავარი და ძმისწული მისი ლოთი ქრისტეს შობამდე 2000 წლის წინ ცხოვრობდნენ. აბრამი, თარას ძე, დაიბადა ქალდეველთა ქვეყანაში, სადაც ძალიან იყო გავრცელებული კერპთმსახურება. ღმერთმა იგი გამოარჩია ჭეშმარიტ მორწმუნეთა მამად, წინაპრად იმ ერისა, რომლისგანაც უნდა დაბადებულიყო ქრისტე და უთხრა: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ და გყო შენ ნათესავად დიდად და გაკურთხო შენ“. აბრამი, რომელიც ამ დროს 75 წლისა იყო, დაემორჩილა ზეციურ კურთხევას, თან იახლა მთელი მისი სახლეული, ძმისწული ლოთი, საქონელი და სამხრეთისკენ გაეშურა. ქანაანში უფალი კვლავ გამოუჩნდა ნეტარს და ამცნო: „თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე“, და ღვთის რჩეულმაც სამადლობელი მსხვერპლი აღავლინა (ქანაანს, დღევანდელ პალესტინას, ამის შემდგომ ეწოდა აღთქმული ქვეყანა).
ქანაანის ქვეყანაში ცხოვრების დროს აბრამი და მისი ძმისწული ლოთი გამდიდრდნენ. მათ ისე მრავლად ჰყავდათ ცხვარ-ძროხა, რომ საძოვრები საქონელს ვერ იტევდა და აბრამისა და ლოთის მწყემსები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობდნენ. უსიამოვნება თავიდან რომ აერიდებინათ, აბრამმა ძმისწულს შესთავაზა, გაყრილიყვნენ: ლოთი აღმოსავლეთით წავიდა და იორდანის ნაპირას, სოდომ-გომორთან ახლოს დაემკვიდრა. აბრამი კი, უფლის მინიშნებით, აიყარა, ხებრონში გადავიდა და მამბრეს მუხასთან დასახლდა. ბიძა-ძმისწულის განშორების შემდეგ დიდ ხანს არ გაუვლია, რომ სენაარის ქვეყნის მოკავშირე მეფეები თავს დაესხნენ სოდომის მეფეს, სძლიეს იგი, დააბრიეს და სხვებთან ერთად ლოთიც ტყვედ ჩაიგდეს. ეს რომ აბრამმა შეიტყო, შეკრიბა თავისი სამას თვრამეტი მოსამსახურე, მოიხმარა მეზობლად მცხოვრებნი და ყველა ტყვე და გატაცებული საქონელი გამოიხსნა. გამარჯვებით მობრუნებულ უფლის რჩეულს სოდომის მეფე წინ მიეგება. სალიმის მეფე მელქისედეკმაც, რომელიც იყო „მღვდელი ღმრთისა მაღლისა“, პური და ღვინო გამოუბრძანა და აკურთხა იგი. აბრამმა ნადავლის მეათედი შესწირა მელქისედეკს, როგორც მღვდელს.

როცა აბრამი 99 წლისა იყო, ღმერთმა მას ყველა უწინდელი აღთქმა გაუმეორა და სახელი აბრამი - მამა დიდი - აბრაამად შეუცვალა, რაც ნიშნავს: მამა მრავალთა.

ერთი წლის შემდეგ უფალი სამი ანგელოზის სახით გამოუჩნდა მამბრეს მუხასთან, კარვის კარებთან მჯდარ მამამთავარს. სტუმართმოყვარე აბრაამმა უცნობი მგზავრები რომ იხილა, „მირბიოდა შემთხუევად მათდა“, თაყვანი სცა და მდაბლად იწვია შინ. მათაც მიიღეს მიწვევა და ტაბლას მიუსხდნენ. შემდეგ ერთმა მათგანმა მასპინძლის ცოლი, სარა მოიკითხა და თქვა: „შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას და ესუას ძე სარრას, ცოლსა შენსა“. კარებთან მდგომ სარას, რომელსაც უკვე ოთხმოცდაათი წელი შესრულებოდა, გაეცინა, უფალმა კი აბრაამს უთხრა: „რად განიცინნა სარა თავსა შონის თჳისსა... ნუ შეუძლებელ არს ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ“ შემდეგ ღმერთმა აბრაამს უთხრა, რომ სოდომ-გომორის მცხოვრებთა ცოდვებმა შეაწუხა ღმერთი, შეუძლებელი გახდა მათი სიბილწის ატანა, და უნდა აღმოვხოცო ისინიო. აბრაამი შეევედრა ღმერთს: „უფალო, უკეთუ გამოჩნდეს იქ 50 მართალი, აღმოხოცავ მათ?“ უფალმა მიუგო: „უკეთუ 50 მართალი აღმოჩნდეს, არა აღმოვხოცო იგინი“. შემდეგ 45 მართლისათვის შეევედრა აბრაამი ღმერთს ქალაქის პატიებას. 35, 30, 25, 20, 15 და ბოლოს 10 მართლისთვისაც აღუთქვა ქალაქს შეწყნარება.

საღამო ჟამს ორი ანგელოზი მიეახლა სოდომს. ქალაქის ბჭეებთან მჯდარი ლოთი მიეგება მათ, მიწამდე თაყვანი სცა და შინ ისტუმრა. ეს რომ სოდომელებმა შეიტყვეს, ყველანი, „ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე“ გარს შემოერტყნენ მის სახლს და ღრიალებდნენ: „სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყვანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყვნეთ მათ“. ლოთი გამოვიდა „წინაშე კართა“, გონდაკარგულ ბრბოს მიმართა: „ნუსადა, ძმანო, ნუ უკეთურობთ!“ და თავისი ორი უბიწო ასული შესთავაზა მის ჭერს შემოვედრებული მგზავრების სანაცვლოდ, მაგრამ მომხდურები მაინც არ დაცხრნენ. მაშინ სტუმრებმა „განყჳნეს ჴელნი“, ლოთი სახლში შემოიყვანეს და კარები დახშეს, შემოჯარული უსჯულოები კი დაბრმავდნენ.

მეორე დღეს, გათიადისას, ანგელოზებმა ლოთს უბრძანეს, სახლეულითურთ განრიდებოდა უსჯულო ქალაქს, რომელსაც განადგურება ელოდა; მაგრამ რადგან უფლის რჩეული იგვიანებდა, თავად მოჰკიდეს მას ხელი, ცოლითა და ასულებითურთ გაიყვანეს სოდომიდან და უთხრეს: „განირინე თავი შენი და ნუ გარეუკუნ იხილავ“. ლოთის ცოლი, რომელმაც ვერ გაუძლო ცდუნებას და უკან მიიხედა, დაისაჯა - მარილის სვეტად იქცა.

მალე უფლის წინასწარმეტყველება ახდა: სიბერის ჟამს სარამ მუცლად-იღო და შვა ძე - ისააკი. საზღვარი არ ჰქონდა ასი წლის მამამთავარის სიხარულს, მაგრამ მას წინ დიდი გამოცდა ელოდა: უფალმა უბრძანა, მხოლოდშობილი ყრმა მისთვის შეეწირა ყოვლად დასაწველ მსხვერპლად. აბრაამის სარწმუნოება არ შერყეულა: მესამე დღეს მიეახლა ზეგარდამო სამსხვერპლოდ მინიშნებულ ადგილას, შეშა ისააკს აჰკიდა, თავად კი ცეცხლი და მახვილი იპყრა ხელთ და მთის კალთებს აუყვა. ძე ეკითხებოდა: „სადა არს ცხოვარი ყოვლად დასაწუელად?“ მამა კი მიუგებდა: „ღმერთმან იხილოს თავისა თჳსისა ცხოვარი ყოვლად დასაწუელად, შვილო“. ბოლოს აბრაამი შედგა; საკურთხეველი ააგო, ზედ შეშა დააწყო, შეშაზე შებოჭილი ისააკი დააწვინა და მახვილიც აღმართა მის დასაკლავად, როცა ზეგარდამო ესმა ხმა: „აბრაამ! აბრაამ!.. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა ზედა, ნუცა უყოფ მას ნურარას, რამეთუ აწ მიცნობიეს, ვითარემდ გეშინის შენ ღმრთისა და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს“. მართალმა მამამთავარმა მიმოიხედა, ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი იხილა, მოიყვანა და მადლიერებით აღსავსემ ისააკის ნაცვლად ის შესწირა უფალს. ღმერთმა თავისი ერთგული მონა ასე აკურთხა: „ვინაითგან ჰყავ სიტყუაჲ ესე და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს, კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშა ზღჳსკიდისა და დაიმკჳდრნეს თესლმან შენმან ქალაქნი წინააღმდგომთანი და იკურთხეოდიან თესლისა მიმართ შენისა ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი, მით რომელ ისმინე ჴმისა ჩემისა“.

ამის შემდეგ აბრაამმა კიდევ დიდხანს იცოცხლა. ცოლი - სარა საკუთარი ხელით დაკრძალა ქებრონში, მამბრეს მუხის სიახლოვეს მდებარე გამოქვაბულში, ისააკიც დაქორწინდა, ბოლოს კი 175 წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მართალი მამამთავარი მეუღლის, სარას გვერდით დაკრძალეს.

ukan
Hosted by uCoz