წმიდა ამბროსი მედიოლანელი
წმიდა ამბროსი მედიოლანის (დღევანდელი მილანი) ეპისკოპოსი, დაიბადა 340 წელს, ქ. ტრირში. მისი მამა, სახელად ასევე ამბროსი, რომის იმპერატორის ნაცვალი იყო გალიის მხარეში (დღევანდელი საფრანგეთი) და დასავლეთის სხვა პროვინციებში.

ჯერ კიდევ სიყრმეშივე საკვირველად იქნა მინიშნებული მისი მომავალი, ის თუ რა სულიერ ნაყოფს შესძენდა ამბროსი ქრისტეს ეკლესიას. ერთხელ, დღისით, სახვევებში შეკრულ ჩვილს ღია ცის ქვეშ ეძინა პირღიას; ანაზდად უამრავი ფუტკარი მოფრინდა და ყრმას სახეზე დაასხდა, ისე, რომ აღარც კი მოჩანდა იგი; ფუტკრები თაფლს ტოვებდნენ მის ბაგეებსა და ენაზე. ძიძა დედაკაცს, რომელიც ყველაფერს ამას ხედავდა, სურდა გაერეკა ფუტკრები, მაგრამ შიშობდა, ამით ბავშვს არ ვავნოო. ჩვილის მამაც იქვე იდგა და ყველაფერს ხედავდა; მანაც ხელის მოძრაობით შეაჩერა შეშფოთებული ძიძა, რადგან უნდოდა ენახა, რით დამთავრდებოდა ეს სასწაული. და აი, მცირე ხნის შემდეგ ფუტკრები ერთიანად აიშალნენ, ზევით აფრინდნენ და თვალს მიეფარნენ. მაშინ გაოცებულმა მამამ თქვა:

- თუ ამ ჩვილს გაზრდა უწერია, იგი დიდი იქნება კაცთა შორის!

ამ ნიშნით უფალი წინასწარ აუწყებდა ადამიანებს, რომ ამბროსი მისი რჩეული იყო და მასზე საღმრთო წერილის სიტყვები აღსრულდებოდა - „გოლი თაფლისაჲ - სიტყვანი კეთილნი, ხოლო სიტკბოებაჲ მისი - სმენაჲ და კურნებაჲ სულისაჲ“ (იგავნი 16, 24). რამეთუ ფუტკრების გუნდი იმ დანატკბობელ დამოძღვრასა და ნაწერებს გამოსახავდა, რომლებითაც წმიდა ამბორის მედიოლანელი სულიერ ფიჭას აღაშენებდა მომავალში, კაცთა გულის გამხარებელს, სულის დამატკბობელსა და ქვეყნიდან ზეცად აღმყვანებელს. შემდეგში, როცა ამბროსი წამოიზარდა და რომში ცხოვრობდა დაქვრივებულ დედასთან ერთად, რომელსაც უქორწინებლობის აღთქმა დაედო და მთელს თავის ცხოვრებას შვილების აღზრდას უთმობდა, პატარა ამბროსიმ ერთხელ ეპისკოპოსი დაინახა, ვისაც მორწმუნენი ხელზე ემთხვეოდნენ, და სახლში მისულმა თვითონაც გაუწოდა ხელი შინაურებს:

- მეამბორეთ ხელზე, მეც ეპისკოპოსი ვიქნებიო.

ამ სიტყვებს მისი ბაგით სულიწმიდა წარმოთქვამდა, როგორც მომასწავებელთ ამბროსის ბრწყინვალე მომავლისა, მაგრამ უფროსებს არ ესმოდათ ეს, რადგან არ იცოდნენ ჯერ, რომ ყრმაში საღმრთო მადლი იყო დავანებული და თავიდანვე განამზადებდა მას მვდელმთავრის მაღალი მსახურებისთვის. ამიტომ მათ დატუქსეს ამბროსი, თითქოს იგი უჯეროდ იქცეოდა და დაუფიქრებლად ლაპარაკობდა.

როგორც ითქვა, მამის გარდაცვალების შემდეგ ამბროსის ოჯახი რომში გადასახლდა, სადაც მან და უფროსმა ძმამ სატირმა შესანიშნავი იურიდიული განათლება მიიღეს, მისი უქორწინებელი და - მარცელინა კი იმთავითვე აყვარებდა მას უქორწინებელ ცხოვრებას (აღსანიშნავია, რომ სატირიცა და მარცელინაც დასავლეთის ეკლესიიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხულნი).

ამბროსიმ ღრმად შეისწავლა მჭვერმეტყველების ხელოვნება და ცნობილი ორატორი გახდა: იცავდა შეჭირვებულთ, შეეწეოდა უბედურთ, ამხელდა უსამართლობის ჩამდენთ, ყოველმხრივ ცდილობდა სამსჯავროზე სიმართლის გამორკვევას. გამორჩეული უნარისა და სიბრძნის გამო ქალაქ რომის თავმა პრობუსმა ამბროსი თავისთან მიიწვია სამსახურში მრჩეველად. შემდეგ იგი ლიგურიისა და ემილიის ოლქების განმგებლად იქნა დანიშნული გალლიაში.

374 წელს გარდაიცვალა მედიოლანის ეპისკოპოსი ავქსენტი, რომელიც არიოზის მწვალებლობის მიმდევარი იყო და სამღვდელმთავრო კათედრა განდევნილი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის დიონისეს შემდეგ ეკავა. და რაკი დიონისეც გარდაცვლილიყო დევნულებაში, მართლმადიდებლებსა და არიანელებს შორის დიდი უთანხმოება და შფოთი იყო, რადგან ორივე მხარეს თავისი წარმომადგენლის აყვანა სურდა მედიოლანის საეპისკოპოსო კათედრაზე. არეულობის შესახებ მედიოლანში რომის პრეფექტმა პრობუსმაც შეიტყო და ამბორისის დაავალა, წადი იქ და შფოთი დააწყნარეო. თან კი დასძინა:

მიდი და იმოქმედე არა როგორც მსაჯულმა, არამედ როგორც ეპისკოპოსმა!

მედიოლანში ჩასული ამბროსი მაშინვე საკათედრო ტაძარში შევიდა, სადაც მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა და მთელი თავისი სამჭევრმეტყველო ხელოვნებით არწმუნებდა იქ შეკრებილთ დაშოშმინებულიყვნენ და მშვიდად გადაეწყვიტათ სადავო საკითხი.

ანაზდად, წამით ჩამოვარდნილ უცნაურ მდუმარებაში, ძუძუთა ჩვილის ხმა გაისმა, რომელსაც მანამდე ჯერ სიტყვაც არ წარმოეთქვა:

- ამბროსია ეპისკოპოსი!

გაოცებულმა ხალხმა აიტაცა ყრმის ეს სიტყვები და ყველა ერთხმად გაჰყვიროდა:

- ამბროსი იყოს ეპისკოპოსი! ამბროსია ეპისკოპოსი!

ასე იმოქმედა საღმრთო მადლმა და ჯერეთ ენააუდგმელი ყრმის პირით აუწყა ხალხს ღვთის ნება. ორი მოწინააღმდეგე მხარე უმალვე შეთანხმდნენ და ყველას ეპისკოპოსად მხოლოდ ამბროსი უნდოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ არ იყო მონათლული და ემზადებოდა ამისთვის.

ხალხის შეძახილების გაგონებაზე ამბროსი დიდად შეშფოთდა, უმალ გამოვიდა ტაძრიდან და იმ მიზნით, რომ ცხადად დაენახვებინა ყველასთვის თავისი უღირსობა, მსაჯულის ადგილს მიაშურა და იქ განსასჯელად მიყვანილ დამნაშავეებს, თავისი ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ტანჯვა-წამება დაუწყო. მას უნდოდა ხალხს თვალნათლივ დაენახა მისი უმოწყალობა, შესძულებოდა და აღარ ესურვა თავის ეპისკოპოსად. მაგრამ მის მცდელობას ნაყოფი არ გამოუღია, ხალხი კვლავაც გაიძახოდა, ეპისკოპოსად ამბროსი უნდა იყოსო. მაშინ ამბროსიმ ყველანაირად სცადა უარის თქმა, არწმუნებდა ყველას - დიდი ცოდვილი ვარ, უღირსი ადამიანი, ის კი არადა, მონათლულიც ჯერ არა ვარო, მაგრამ ხალხი პასუხობდა:

- ჩვენზე იყოს შენი ცოდვებიო! - რამეთუ იცოდნენ, რომ წმიდა ნათლისღება განწმენდს ადამიანს ყველა ცოდვისაგან.

ამბროსი შეწუხებული დაბრუნდა შინ და გადაწყვიტა სულ მიეტოვებინა თავისი მაღალი თანამდებობა და ქალაქიდან გაქცეულიყო, რათა უპოვარი მსხემის ცხოვრებით ეცხოვრა, როგორც ამას ხშირად იქმოდნენ მაშინაც და ძველ დროშიც ბერძენი ფილოსოფოსები. მაგრამ ამ განზრახვის განხორციელებაში მას ხელი შეუშალეს. მაშინ ამბროსიმ სხვა ხერხს მიმართა: უბრძანა მსახურთ, ყველას დასანახად მოეყვანათ მის სახლში გარყვნილი დედაკაცები, რათა მედიოლანის ცხოვრებთ შესძულებოდათ იგი როგორც მემრუშე. მაგრამ ამ ფანდმაც ვერ გასჭრა, ხალხი კი მეტის მონდომებით გაიძახოდა:

- შენ უნდა იყო ჩვენი ეპისკოპოსი! დაე, შენი ცოდვები ჩვენზე გადმოვიდეს, ოღონდ კი წმიდა ნათელი მიიღე და ეპისკოპოსი გახდი!

ბოლოს, რაკი დარწმუნდა, რომ ვერანაირი ხერხით ვერ აარიდებდა თავს მთელი ხალხის ნებას, ამბროსიმ გადაწყვიტა ფარულად დაეტოვებინა ქალაქი და სადმე გადაკარგულიყო. და აი, ღამით იგი ყველას უჩუმრად გავიდა მედიოლანიდან და ქალაქ ტიცინისკენ (აწინდელი პავია ჩრდილოეთ იტალიაში) გაემართა. გამთენიისას, როცა ეგონა ტიცინს ვუახლოვდებიო, დიდი კარიბჭეს მიადგა და მასში მედიოლანის რომაულ შესავალად ცნობილი კარიბჭე შეიცნო! ასე მოხდა ღვთის განგებით, რადგან უფალი თავის წმიდა კათოლიკე (მსოფლიო) ეკლესიის ერთ-ერთ მწყემსად ამზადებდა ამბროსის ვითარცა ზღუდეს მტერთაგან მის დასაცავად და ამიტომ ხელი შეუშალა გაქცევაში.

როცა ქალაქის მცხოვრებლებმა ამის შესახებ შეიტყვეს, ღმერთი განადიდეს, და მაინც ყარაულობა დაუწყეს ამბროსის, რათა მას კვლავ არ ეცადა გაქცევა. ამასთან იმპერატორ ვალენტინიანე I უფროსთანაც აფრინეს კაცები თხოვნით, რომ ხელმწიფებრივი ბრძანებით ეიძულებინა ამბროსი ეპისკოპოსის წოდება მიეღო. იმპერატორს გაუხარდა ეს ამბავი - აი, ჩემს მიერ საერო თანამდებობებზე დანიშნული ადამიანები ისეთი ღირსეულნი არიან, რომ ხალხი მათ მღვდელმთავრად არჩევასაც კი მოითხოვსო. არანაკლებ ნასიამოვნები იყო ქალაქ რომის მთავარი პრეფექტი პრობუსიც, რამეთუ მისი წინასწარმეტყველებაც აღსრულდა - მიდი და იმოქმედე არა როგორც მსაჯულმა, არამედ როგორც ეპისკოპოსმაო.

სანამ მედიოლანელები იმპერატორთან წარგზავნილების დაბრუნებასა და ხელმწიფის პასუხს ელოდებოდნენ, ამბროსი კვლავ გაიქცა ქალაქიდან და ერთ-ერთი თავისი მეგობრის - დიდმოხელე ლეონტის კარმიდამოში იმალებოდა. მაგრამ როცა ხელმწიფის ბრძანება მოვიდა, ლეონტიმ გაამხილა მისი ადგილსამყოფელი და მედიოლანში ჩაიყვანა ამბროსი, რათა ხალხისთვის ჩაებარებინა. ამგვარად, შეუძლებელი იყო დაფარვა იმ ადამიანისათვის, ვინც თვით ღმერთმა აირჩია თავისი ეკლესიის ერთ-ერთ მღვდელმთავრად, რამეთუ „ვერ ხელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქვეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა“ (მათე 5, 14-15). და ამბროსიც უფლის სიტყვიერ ცხოვართა მწყემსი უნდა შექმნილიყო, მანათობელი მნათობი ეკლესიისა.

ყოველივე ამის შემდეგ ამბროსიც დარწმუნდა, ეს ღმერთს ნებავს ჩემი ეპისკოპოსობაო და უსიტყვოდ დაემორჩილა ხელმწიფის ბრძანებასა და ხალხის ნება-სურვილს. მაგრამ მან არ ისურვა წმიდა ნათელის მიღება არიანელი ეპისკოპოსისაგან და დაჟინებით მოითხოვა, მართლმადიდებელმა მღვდელმთავარმა მომნათლოსო. ამის შემდეგ იგი მოინათლა და შვიდი დღის განმავლობაში გაიარა საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხურზე კურთხევა, ხოლო მერვე დღეს - 374 წლის 7 დეკემბერს 34 წლის ამბროსის მედიოლანის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მის კურთხევას, როგორც ეპისკოპოსი თეოდორიტე მოგვითხრობს, იმპერატორი ვალენტინიანეც ესწრებოდა, რომელმაც სიხარულით განაცხადა:

- გმადლობ შენ, ყოვლადძლიერო უფალო, მაცხოვარო ჩვენო, რომ ამ კაცს, ვისაც მე ქვეშევრდომთა ხორციელ ცხოვრებას მივანდობდი, შენ მათი სულიერი ცხოვრება მიანდე და ამით ყველასთვის საცნაური გახადე ჩემი მსჯავრის სამართლიანობა!

ამბროსის არჩევას ერთიანად იწონებდნენ როგორც აღმოსავლელი, ასევე დასავლელი ეპისკოპოსები. მართალია იგი არ ყოფილა მკაცრად კანონიკური, მაგრამ ნიკეის კრების კანონი გამონაკლისს უშვებს იმ შემთხვევისათვის, როცა მღვდელმთავრად არჩევა ღვთის აშკარა მინიშნებით ხდება, ამბროსის შემთხვევაში კი ეს მინიშნება სავსებით ცხადი იყო. ამბროსის არჩევას სიხარულით მიესალმა თავის წერილში მსოფლიო მოძღვარი წმიდა ბასილი დიდი: „ღმერთმა, რომელმაც უბრალო მწყემს ამოსისგან თავისი წინასწარმეტყველი შექმნა, აწ ეპისკოპოსად აქცია ამბროსი, კაცი კეთილშობილი, მაღალი წოდების და გამორჩეული თვისებების მქონე, განსაცვიფრებელი მჭევრმეტყველი, ვინაც ქრისტეს შესაძენად უგულებელჰყო ყველა ეს ქვეყნიური უპირატესობა... მაშ, განმხნევდი, ჰიო, ღვთის კაცო - ამბროსი!..“

ხელდასხმიდან რამენიმე დღის შემდეგ იმპერატორთან პირისპირ შეხვედრისას ამბროსი გულახდილად ამხილებდა ქალაქის მსაჯულთა არასწორ ქმედებებს. მაშინ იმპერატორმა ასე უთხრა:

- დიდი ხანია ცნობილია ჩემთვის შენი გაბედული, მართალი სიტყვა და პირდაპირობა. ამიტომაც არათუ შევეწინააღმდეგე, ხელიც კი შევუწყვე ეპისკოპოსად შენს არჩევას. მაშ, გამოასწორე ჩვენი შეცდომები, როგორც ამას საღმრთო სჯული გიბრძანებს, და განკურნე ჩვენი სულების უმართლობანი!..

თავისი მღვდელმთავრობის დასაწყისშივე ამბროსიმ თხოვნით მიმართა რომის პაპს დამასეს, კეთილგონიერი კაცი ვინმე გამოეგზავნა მის თანაშემწედ საკუთარი შეხედულებისამებრ (დამასე 366-384 წლებში იყო რომის ეკლესიის პირველმღვდელმთავარი და ეკლესიის ისტორიაში ცნობილია როგორც მართლმადიდებლობის გულმოდგინე დამცველი არიანელობისა და სხვა მწვალებლობებისაგან). დამასემ მართლაც გაგზავნა მედიოლანში მღვდელი სიმპლიციანე. ამ ღვთისნიერ მღვდელმსახურს ამბროსი პატივს სცემდა როგორც მამას და ყოველთვის იღებდა მის რჩევა-დარიგებებს (შემდეგში სიმპლიციანე მისი მემკვიდრე გახდა საეპისკოპოსო კათედრაზე). შინაური საქმეების განმგებლობა მან თავის ძმას სატირს მიანდო, თვითონ კი მთლიანად მიუძღვნა თავი საეკლესიო საქმეებს - ყოველდღე აღასრულებდა ღვთისმსახურებას და ბრძნულად დამოძღვრავდა მორწმუნე ერს. მთელი თავისი ქონება ღარიბ-გლახაკთ დაურიგა, მამულები კი ეკლესიას შესწირა, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება და უნარი მიუძღვნა. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას, რისთვისაც ზოგჯერ დღეში ორგზისაც ადიოდა საეკლესიო კათედრაზე; მისი სიტყვა ყველასათვის მისაწვდომი და გასაგები იყო, ხმა წყნარი, მშვიდი, რის გამოც მისი ქადაგებისას ეკლესიაში საოცარი სიჩუმე ისადგურებდა, რამეთუ ხალხს ძალზე უყვარდა თავისი ეპისკოპოსის მოსმენა.

წმიდა ამბროსი დიდად ზრუნავდა სამღვდელო მოდასეთა გაუმჯობესებისთვისაც; თვითონვე აძლევდა მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა შეეერთებინათ მკაცრი მოსაგრე ცხოვრება ეკლესიის მწყემსის მოვალეობასთან. თავადაც დიდად კეთილკრძალული, უაღრესად მშრომელი და მმარხველ-მლოცველი იყო; ყოველდღიურად მოაკვდინებდა ხორცს მარხვითა და მღვიძარებით, მხოლოდ შაბათს და კვირას გაიხსნილებდა ხოლმე, აგრეთვე სახელგანთქმული წმიდა მოწამეების მოსახსენებელ დღესასწაულებზე. დღითა და ღამით ლოცულობდა, საკუთარი ხელით წერდა წიგნებს, მაშინ როცა შეეძლო მალემწერლის სამსახურით ესარგებლა, და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავდა სხვის დახმარებას, როცა სხეულებრივი უძლურებით იყო იძულებული. საკუთარი თავისადმი მეტისმეტად მკაცრი, იგი ძალზე კეთილი, ლმობიერი და მისაწვმდომი იყო ყველასთვის ღარიბ-გლახაკნი თავის დამცველად და მეგობრად მიიჩნევდნენ ამბროსის, რომელიც ყოველთვის იზიარებდა თავის სამწყსოს კარგსაც და ავსაც - უხაროდა მოხარულთა თანა, და ტიროდა - მოტირალთა თანა. როცა ცოდვილი ვინმე აღსარებისას შეცოდებებს უმხელდა, ისე ცხარედ ტიროდა, რომ აღმსარებელსაც ტირილად მიაქცევდა ხოლმე.

სამღვდელო მოდასეებზე დიდად მზრუნველ ამბროსის განსაკუთრებით უყვარდა ბერ-მონაზვნები და ქმედითადაც მფარველობდა მედიოლანის მახლობლად მდებარე სავანეს. იგი დედათა მონასტრების დაარსებაზეც ზრუნავდა, ასე, რომ სამიოდ წლის შემდეგ მისი ეპისკოპოსად არჩევიდან მედიოლანში მრავალი სხვა ქალაქიდან თუ მხარიდან ჩამოდიოდნენ ქალწულნი (ძველად, დედათა მონასტრების აღმოცენებამდე, ეკლესიაში არსებობდა ქალწულთა საგანგებო კლასი, რომლებიც ქალწულობის, უქორწინებლობის აღთქმას დებდნენ და მთლიანად უძღვნიდნენ თავს ღმერთისადმი მსახურებას; ისინი კერძო სახლებში იკრიბებოდნენ სულიერი ღვაწლისათვის და გამოცდილი დედების ხელმძღვანელობით ეწეოდნენ მოსაგრე ცხოვრებას) - პლაცენციიდან, ბოლონიიდან და მავრიტანიიდანაც კი (დასავლეთ აფრიკიდან)!

რამოდენიმე წლის შემდეგ ამბროსი რომში ჩავიდა, სადაც მისი და მარცელინა, მისი მხევალი და ოჯახის რამდენიმე ძველი მსახური მოინახულა; დედა უკვე გარდაცვლილიყო. როცა ისინი ხელზე ეამბორებოდნენ მღვდელმთავარს, ამბროსიმ გაიღიმა და უთხრა მხევალს:

- აი, შენ ეამბორები კიდეც ეპისკოპოსის ხელს, როგორც ოდესღაც გითხარი!

ასე აღსრულდა ყრმა ამბროსის ოდინდელი წინასწარმეტყველება.

რომში ყოფნისას ერთმა წარჩინებულმა დედაკაცმა, მდინარე ტიბროსის გადაღმა რომ ცხოვრობდა, სთხოვა წმიდა ამბროსის, საღმრთო ლიტურგია ჩემს სახლში აღასრულეო (ასეთი ჩვეულება მაშინ ჯერ კიდევ ნებადართული იყო, განსაკუთრებით ქრისტიანთა დიდი დევნულობის დროიდან, როცა მორწმუნეებს არ შეეძლოთ განცხადებულად შეკრებილიყვნენ საზოგადო ტაძრებში). როცა ეს სხვა დედაკაცმა, ლოგინად ჩავარდნილმა სნეულმა, შეიტყო, უბრძანა მსახურებს იმ სახლში მიეყვანათ საკაცით, და როცა წმიდა მღვდელმთავრის ლოცვისას მის შესამოსელს შეეხო და ეამბორა, უმალვე განიკურნა. ამ სასწაულებრივი კურნების ამბავი მთელს რომს მოედო.

იმპერატორ ვალენტინიანე უფროსის გარდაცვალების შემდეგ რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის ტახტზე მისი ძე გრაციანე ავიდა, რომელიც 367 წლიდან მამის თანაგანმგებელი იყო და 383 წლამდე ზეობდა. იმ ხანებში იგი გოთების წინააღმდეგ საომრად ემზადებოდა და სთხოვა წმიდა ამბროსის წერილობით გადმოეცა მისთვის ჭეშმარიტი სარწმუნოების საფუძვლები. მღვდელმთავარმაც შეუსრულა ხელმწიფეს თხოვნა და დაწერა ხუთი წიგნისაგან შემდგარი შრომა „სარწმუნოების შესახებ“, უწინასწარმეტყველა მას ძლევა მტერზე და სალაშქრო ბაირაღებიც უკურთხა, რომლებზეც ქრისტეს სახელი იყო გამოსახული. მართლაც, ღვთის ამ წმიდა სათნომყოფელის ლოცვა-ვედრებით გრაციანემ სახელოვანი გამარჯვება იზეიმა გოთებზე.

განსვენებული იმპერატორის მეუღლე - გრაციანეს დედინაცვალი იუსტინა არიოზის მწვალებლობის მიმდევარი იყო და მეტად სძულდა წმიდა ამბროსი, რომელსაც ბევრ ბოროტებასაც შეამთხვევდა. ასე, მაგალითად, როცა სირმიაში იქაური ეპისკოპოსი გარდაიცვალა, იუსტინა უმალ იქ გაეშურა, რათა მღვდელმთავრად თავისი თანამოაზრე - მწვალებელ არიოზის მიმდევარი დაედგინა. სირმიაში ჩავიდა წმიდა ამბროსიც, რადგან ეს ქალაქი მისი ეპარქიის განმგებლობაში შედიოდა. იგი უგულებელჰყოფდა ამ ხელმწიფებრივი დედაკაცის მრისხანებას და ყოველმხრივ ცდილობდა ეპისკოპოსად მართლმადიდებელი კეთილმსახური კაცი - ანემიოსი აერჩიათ. ერთ დღეს, როცა ყველანი ტაძარში შეიკრიბნენ და წმიდა ამბროსიმ თავისი ადგილი დაიკავა ამბიონზე, იმ მყოფმა დედოფალმა იუსტინამ ერთი ბოროტი დედაკაცი - არიოზის მწველობლობის მიმდევარი მიუგზავნა, რათა მას შესამოსელზე ეტაცა ხელი ეპისკოპოსისათვის, არიანელი ქალების მხარეს გადაეთრია და იქ მათ ეგვემათ, შემდეგ კი ტაძრიდან გაეძევებინათ იგი. მაგრამ როცა ეს ურცხვი დედაკაცი უტიფრად მიუახლოვდა წმიდა ამბროსის თავისი საძაგელი განზრახვის შესასრულებლად, მღვდელმთავარმა უთხრა:

- მართალია არა ვარ ღირსი მღვდელმთავრად წოდებისა, მაგრამ მაინც არა ჯერ-არს შენდა ხელით შეეხო თუნდაც რომელიმეს ღვთისმსახურთაგან! გეშინოდეს ღვთის სამსჯავროსი, ვინძლო ანაზდეული უბედურება არ გეწიოს!

ეს სიტყვა მართლაც აღსრულდა იმ უტიფარი დედაკაცის თავს. მეორე დილას იგი უეცრად მოკვდა, და წმიდა ამბროსიმ თვითვე დამარხა იგი - ბორიტის წილ კეთილი მიაგო. ამ სასწაულით შეშინებულმა არიანელებმა და დედოფალმა იუსტინამ ვეღარ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა, ასე, რომ ამბროსიმ ღირსეული მღვდელმსახური - მართლმადიდებელი ანემიოსი დაადგინა სირმიის ეპისკოპოსად და მშვიდობით დაბრუნდა მედიოლანში.

ერთხელ ორმა არიანელმა კაცმა, იმპერატორ გრაციანეს მესაწოლეებმა, გამოთქვეს სურვილი საჯაროდ გაპაექრებოდნენ წმიდა ამბროსის სარწმუნოების საკითხებზე; სიტყვიერი პაექრობის საგანი უფალ იესო ქრისტეს ხორციელ-ქმნა უნდა ყოფილიყო. დათქმულ დროს წმიდა ამბროსი, მორწმუნე ერთან ერთად, ეკლესიაში ელოდებოდა მათ. იგი მზად იყოი გაპაექრებოდა მწვალებლებს და სავსებით დარწმუნებული იყო თავის გამარჯვებაში, რადგან სულიწმიდის მადლით იყო აღვსებული. მაგრამ ხსენებული არიანელები, თავიანთი ამპარტავნების გამო და იმისთვისაც, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ მართლმადიდებელი მღვდელმთავრისათვის, არ გამოცხადნენ პაექრობაზე, - ქალაქგარეთ სასეირნოდ გაემართნენ ცხენებზე ამხედრებულნი. როცა ერთ-ერთ შემაღლებულ ადგილას ავიდნენ, ცხენები რატომღაც დაუფრთხათ, ორთავე გადმოცვივდნენ და სასიკვდილოდ დაიმტვრნენ.

წმიდა მღვდელმთავარი დიდხანს ელოდა მათ, ბოლოს, რაკი დაინახა, რომ არავინ მოდის, ამბიონზე ავიდა და საყოველთაოდ ცნობილი ქადაგებით მიმართა მორწმუნე ერს უფალ იესო ქრისტეს განხორციელების შესახებ.

სულ მალე ამის შემდეგ იმპერატორი გრაციანე მოღალატურად იქნა მოკლული გალლიაში მის წინააღმდეგ აჯანყებული მხედართმთავრის მაქსიმეს მიერ. საიმპერატორო ტახტზე რომში ვალენტინიანე უმცროსი ავიდა თავის დედასთან იუსტინასთან ერთად, მაგრამ რადგან მხედართმთავარ მაქსიმეს უკვე მთელი გალლიაცა და ესპანეთიც დაეპყრო, მისი წინააღმდეგობის ძალა ვალენტინიანეს არ შესწევდა. ამიტომ მწვალებელი დედოფალი იუსტინა იძულებული იყო წმიდა ამბროსისათვის მიემართა თხოვნით - მაქსიმესთან გაემართე და შეჰვედრე შეიწყალოს ჩემი ჭაბუკი ძე და მშვიდობა მოგვანიჭოსო. კეთილი მწყემსი მაშინვე აჯანყებულ მხედართმთავართან გაეშურა, რამეთუ მზად იყო საკუთარი სიცოცხლე დაედო თავის სიტყვიერ ცხოვართათვის. მართლაც ბრძნული და თავმდაბლობით აღსავსე სიტყვით ამბროსიმ ისე იმოქმედა მაქსიმეზე, რომ ამ უკანასკნელს იმ წელიწადს აღარ გაულაშქრია იტალიაზე, - იგი გალლების ქვეყანაში დარჩა.

მაგრამ იუსტინამ უმადურობით მიუზღო მღვდელმთავარს ამ სამსახურისათვის, რადგან კვლავაც მტრობდა მას როგორც არიოზის მწვალებლობის მიმდევარი: თავისი ძის სახელით მსახურნი მიუგზავნა და მოსთხოვა არიანელებისთვის გადაეცა მედიოლანის საკათედრო ტაძარი ყველა იმ საგანძურით, რაც მასში იყო. მაგრამ წმიდა ამბროსი მხნედ შეეწინააღმდეგა მეფის ბრძანებას და ასე მიუგო მომხდურთ:

- ყოველივე იმას, რაც მე მეკუთვნის, როგორ დავუკავებ ხელმწიფეს?! მზად ვარ მას ჩემი ჯანმრთელობაც შევწირო! მაგრამ იმის მოცემა, რაც ღმერთს ეკუთვნის, მე არ შემიძლია! და მეფისთვისაც არ შეიძლება იმის აღება!

ამის შემდეგ იუსტინამ, იმპერატორის სახელით, მხედართა რაზმი გამოგზავნა, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა ძალით მიეტაცებინა ტაძარი, ეპისკოპოსი კი გაეძევებინა მისგან. ხალხმა უმალ შეიტყო ეს ამბავი და მალე მთელი ტაძარი მართლმადიდებელი მორწმუნე ერით გაივსო; მათ შიგნიდან ჩაკეტეს კარები და გვერდით დაუდგნენ საყვარელ ეპისკოპოსს. სამი დღე დაჰყვეს მორწმუნეებმა ასე - ტაძარში ჩაკეტილებმა და მთელი ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ განადიდებდნენ და უგალობდნენ ღმერთს. ისინი შეუდრეკელად ეწინააღდეგებოდნენ მწვალებლებს და ნება არ მისცეს მათ ტაძრიდან გაეძევებინათ წმიდა მღვდელმთავარი და საეკლესიო ქონებას დაპატრონებოდნენ. წმიდა ამბროსიც მეფისგან გამოგზავნილთა მოთხოვნის პასუხად, კვლავ და კვლავ მხნედ უმეორებდა მათ:

- ჩემი ნებით არ გამოვალ ეკლესიიდან და არ მივატოვებ მას! მოღალატურად არ მივუგდებ ქრისტეს სავანის ცხვრებს მტაცებელ მგლებს და ნებას არ მივცემ მწვალებლებს ღვთის ეკლესიას ეუფლონ, იმათ, ვინც ღმერთის მგმობ სიტყვებს წარმოთქვამენ!.. თუკი ღვთის ნება ასეთია, რომ მოკლულ ვიქნა, დაე, აქ აღსრულდეს ეს, დაე, წმიდა ტაძრის კედლებში გამნგმიროს მახვილმა თუ შუბმა: მე მზად ვარ ხალისით და სიყვარულით მივიღო ასეთი სიკვდილი!

როცა დედოფალ იუსტინას აუწყეს ეს ყოველივე, მას შერცხვა და შეეშინდა კიდეც მართლმადიდებელთა მხრივ წინააღმდეგობისა; ამიტომ ამის შემდეგ აღარ გაუბედია აშკარა ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. მაგრამ თავისი დამარცხებით გაღიზიანებულმა ფარულად დაქირავებული მკვლელი გაგზავნა ამბორსისთან სახლში, რათა ამ გზით მოეშორებინა არასასურველი მღვდელმთავარი. ბოროტმოქმედმა მართლაც შეაღწია წმიდა ამბროსის სახლში, მის საძინებელ ოთახში, და უკვე მახვილიანი ხელიც შემართა მძინარე მღვდელმთავრის განსაგმირად, რომ ანაზდად მისი ხელი გაშეშდა, განხმა, ისე, რომ ვეღარ შეძლო მისი ქვემოთ დაშვება. იგი შეიპყრეს, და შეშინებული გამოტყდა კიდეც, თუ ვინ გამოგზავნა და რა მიზნით. წმიდა ამბროსიმ თავისი ურისხველობითა და გულკეთილობით, ილოცა მისთვის, ხელიც განუკურნა და მშვიდობითაც განუტევა. ეს მოხდა 385 წელს აღდგომის დღესასწაულის წინ.

ამავე ხანებში ღმერთმა ჩვენებით განუცხადა თავის სათნომყოფელ ამბროსის წმიდა მოწამეების პროტასისა და გერვასის წმიდა ნაწილების ადგილსამყოფელი (მათი ხსენება აღესრულება 14 ოქტომბერს). როცა ეს წმიდა ნაწილები მიწიდან ამოთხარეს მღვდელმთავრის მიერ მითითებულ ადგილას, მათგან წმიდა მირონმა იწყო დენა და მრავალი სასწაულიც აღესრულა. ასე, მაგალითად, ერთ ყველასათვის ცნობილ უსინათლო კაცს, სახელად სევერს, თვალები აეხილა, როგორც კი მოწამეთა შესამოსელს შეეხო; მათი ძალით მრავალი ბოროტი სულიც განიდევნებოდა ეშმაკეულ ადამიანთაგან.

მეფის სასახლეში კი ამ დროს მრავალი არიანელი მწვალებელი დედოფალ იუსტინასთან ერთად, დასცინოდა და აბუჩად იგდებდა საღმრთო მადლს, მონიჭებულს უფლის მიერ წმიდა ეკლესიისათვის თავის მოწამეთა განდიდების გზით. მწვალებლების ირწმუნოებოდნენ, ამბორისის ფულით ჰყავს მოსყიდული ხალხი და ისინიც თავს იკატუნებენ, ვითომცდა სნეულები და ეშმაკეულები არიან, მოდიან მოწამეთა საფლავზე და ისე აჩვენებენ ხალს თავს, თითქოს მათი სასწაულებრივი ძალით იკურნებიან, სინამდვილეში კი ცრუ-სასწაულებზე ავრცელებენ ხმებსო.

და იმ დროს, როცა კარისკაცნი ასე უკეთურად ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ანაზდად, ღმერთის დაშვებით, ერთ-ერთ მათგანს დემონი ეკვეთა და საშინელი ქეჯნა დაუწყო; ეს ადამიანი საზარლად გაჰკიოდა და ბღაოდა:

- აი, ეს დაემართოს ყველას, ვინც წმიდა მოწამეებს გმობს! ჩემს დღეში ჩავარდეს ყველა, ვისაც სამების ერთიანობა არ სწამს, რასაც ამბროსი ასწავლის!

ყველა იქ მყოფი შეზარა მომხდარმა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ შეენანათ და ჭეშმარიტება ერწმუნათ, შეიპყრეს ეშმაკისაგან გვემული კაცი, გაკოჭეს და ტბაში დაახრჩვეს!..

სხვა დროს ასეთი შემთხვევაც მოხდა: ერთი უკეთური არიანელი ზემოხსენებულთაგან ტაძარში შევიდა იმ დროს, როცა წმიდა ამბროსი მორწმუნე ერს დამოძღვრავდა და ამ მწვალებელმა ცხადად დაინახა, რომ ღვთის ანგელოზი ყურში ჩასჩურჩულებდა წმიდა მღვდელმთავარს! ამ ჩვენებით ღმერთი აუწყებდა მწვალებელს, რომ ამბროსი თავისი რჩეული იყო და მხოლოდ იმას უქადაგებდა ხალხს, რასაც ღვთის ანგელოზი შთააგონებდა. ამის დანახვაზე ის კაცი მაშინვე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოიქცა, ყოველივე აუწყა იქ მყოფ მორწმუნეებს და ყოვლადძლიერი ღმერთის მადლით ამის შემდეგ გულმოდგინე დამცველი გახდა მართლმადიდებლობისა, რომელსაც აქამდე სდევნიდა.

ამასობაში დედოფალი იუსტინა კვლავ განაგრძობდა მღვდელმთავრის მტრობას. მომდევნო 386 წელს მან დაარწმუნა თავისი ძე - იმპერატორი ვალენტინიანე უმცროსი, კანონი გამოეცა არიანელთა სასარგებლოდ და აღდგომის წინ სასტიკი დევნა დაუწყო წმიდა ამბროსის, ისე, რომ იგი ეკლესიაში ჩაიკეტა, საკურთხევლის წინ დაემხო და ღმერთს ევედრებოდა შეწევნას. ეკლესიას გარშემო ხალხი შემოერტყა და ერთი წუთითაც არ შორდებოდა მას, რადგან ეშინოდა მღვდელმთავარი ძალით არ წაეყვანათ. მღვდელმთავარი ამ დროს საღმრთო წერილს უკითხავდა მათ, განუმარტავდა, ფსალმუნებსა და ჰიმნებს აგალობებდა. ამ დროიდან შემოიღეს მედიოლანისა და მთელს დასავლეთის ეკლესიაში წმიდა ამბროსის მიერ გამოყენებული ე.წ. ანტიფონური გალობა... იუსტინას მიერ გამოგზავნილი მხედრები ტაძარში კი უშვებდნენ ხალხს, მაგრამ გარეთ - აღარ. მაგრამ ისინი იმდენად გაოცებულნი იყვნენ მართლმადიდებელთა ტკბილი გალობით, რომ თვითონაც, გარედან, აჰყვებოდნენ ხოლმე მათ. სწორედ ამ დროს იგალობეს პირველად თვით ამბროსის ამაღლებული ჰიმნები ყოვლადწმიდა სამების სადიდებლად. მორწმუნეთა ლოცვა-ვედრებანი შესმენილ იქნა და მღვდელმთავარი თავის სამწყსოსთან დატოვეს.

მაგრამ დედოფალი იუსტინა დაუცხრომელი იყო ავის ქმნაში; თავის განზრახვაში - დაეღუპა წმიდა ამბროსი, მან მოკავშირე შეიძინა ერთი დიდებულის - ექვთიმეს სახით, რომელიც საჩუქრებითა და ალერსით დაარწმუნა, ფარულად მოეტაცა მღვდელმთავარი და სადმე შორეულ ქვეყანაში წაეყვანა პყრობილებისათვის. ამ გეგმის შესასრულებლად ექვთიმემ სახლიც კი აიშენა ეკლესიის მახლობლად, რათა მოხერხებულად შეერჩია დრო ამბროსის მოსატაცებლად; საგანგებო ეტლიც განამზადა, რომლითაც შორეულ გზას გაუყენებდა მას, მაგრამ ღვთის სამართლიანი მსჯავრით, „მიექცა სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი თხემსა მისსა ზედა დაუხდა“ (ფსალმ. 7, 17); კერძდ კი, სწორედ იმ დღეს, როცა ექვთიმე მღვდელმთავრის მოტაცებას აპირებდა, მოულოდნელად იმპერატორის ბრძანება მიიღეს - თვით ექვთიმე დაუყოვნებლივ უნდა გაეძევებინათ. მართლაც, იგი იმავე ეტლით წაიყვანეს, რომლითაც ეს უკეთური კაცი წმიდა ამბროსის გატაცებას აპირებდა!..

როცა აჯანყებულმა მხედართმთავარმა მაქსიმემ კვლავ დაიწყო მოქმედება იტალიის წინააღმდეგ, იუსტინამ იჩქარა შერიგებოდა ამბროსის, და თავის ძესთან ერთად ევედრებოდა მას ხელმეორედ გამგზავრებულიყო მაქსიმეს დასაშოშმინებლად. ძვირის უხსენებელი წმიდანი მაშინვე გაემგზავრა აჯანყებულთან, მაგრამ ამჯერად ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია ამ ამპარტავანი და უგრძნობელი კაცის დაშოშმინებაში. მისი შეუდრეკლობის დანახვაზე წმიდა ამბროსიმ ისეთი უშიშრობა გამოამჟღავნა, რომ ყველა განაკვირვა: იქვე საჯაროდ შეაჩვენა მაქსიმე, როგორც მკვლელი, ვისაც მზაკვრობით დაეღუპა თავისი უდანაშაულო ხელმწიფე, და ამის გამო განკვეთა კიდეც იგი წმიდა ეკლესიიდან!.. ამის შემდეგ მაქსიმე დიდი ლაშქრით შეიჭრა იტალიაში და ქალაქს ქალაქზე იღებდა. ჭაბუკ იმპერატორს ძალა არ შესწევდა წინააღმდეგობისა და თავის დედასთან ერთად საბერძნეთს გაიქცა, ქალაქ თესალონიკში, რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის იმპერატორთან თეოდოსი დიდთან, რათა შეწევნა ამ კეთილმსახური მართლმადიდებელი ხელმწიფისათვის ეთხოვა. მართლაც, თეოდოსიმ ლაშქარი შეკრიბა, მაქსიმეს წინააღმდეგ დაიძრა და დაამარცხა კიდეც იგი. მაგრამ მწვალებელი დედოფალი იუსტინა ვერ მოესწრო ამ ბედნიერ დღეს - საბერძნეთში ჩამოსვლიდან მცირე ხნის შემდეგ იგი გარდაიცვალა. მისმა ძემ ვალენტინიანემ კი შეისმინა იმპერატორ თეოდოსის შეგონებანი და მართლმადიდებელი სარწმუნოება აღიარა.

იუსტინას სიკვდილის შემდეგ ასეთი შემთხვევა მოხდა: მოგვი ვინმე სამსჯავროს წარუდგინეს და წამება დაუწყეს; წამების დროს იგი გაჰყვიროდა, უფრო მეტად წმიდა ამბროსის მფარველი ანგელოზისგან ვევნები, ვიდრე თქვენგანო. როცა ჰკითხეს, რა დანაშაულისთვის გტანჯავს უფლის ანგელოზიო, ამ გრძნეულმა კაცმა შემდეგი აღიარა:

- დედოფალ იუსტინას სიცოცხლეში მე განზრახული მქონდა ჩემი გრძნეულებით მტრობა გამეღვივებინა მედიოლანის მოსახლეობაში ეპისკოპოს ამბროსისადმი. ამ მიზნით ერთხელ, შუაღამისას ეკლესიის სახურავზე ავედი და იქ მსხვერპლი შევწირე დემონებს. მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობდი ჩემი ბოროტი მანქანებებით საძულველი გამეხადა ამბროსი ხალხისათვის, მით უფრო მეტად იზრდებოდა მათი სიყვარული თავიანთი მწყემსისადმი და მით უფრო წარემატებოდნენ ისინი მართლმადიდებლურ რწმენაში. ეს ყოველივე ჩემს თვალწინ ხდებოდა. ვხედავდი რა ჩემი მცდელობის წარუმატებლობას, მე ამბროსის სახლში დავიწყე ბოროტი სულების გაგზავნა, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ დემონები გაწბილებულნი მიბრუნდებოდნენ და მეუბნებოდნენ: არათუ ეპისკოპოსთან, მისი სამყოფელის კართან მიახლოებაც კი არ ძალგვიძს, რადგან იქიდან ცეცხლი გამოდის და დაგვწვავსო.

აი, ეს აღიარა მოგვმა წამების დროს, რამეთუ ჭეშმარიტად საშიში იყო ამბროსი ეშმაკთათვის. სხვა დროს წმიდა ამბროსისთან არაწმიდა სულით შეპყრობილი ყრმა წაიყვანეს მედიოლანის მახლობლად მდებარე დაბიდან; გზაში, ჯერ კიდევ ქალაქის კარიბჭეს არ მიდგომოდნენ, რომ ბოროტი სული გამოვიდა ყრმისგან, და იგიც სრულიად განკურნებული წარუდგა მღვდელმთავარს. ეს ყრმა საკმაოდ დიდხანს დარჩა ამბროსისთან. შემდეგ დასტოვა მედიოლანი და შინისკენ გაეშურა; და აი, ზუსტად იმ ადგილას, სადაც იგი უწინ დასტოვა დემონმა, ახლა კვლავ ეკვეთა ყრმას მზაკვარი სული და ქენჯნა დაუწყო. როცა შემლოცველებმა ჰკითხეს, რატომ არ სტანჯავდი ყრმას მედიოლანშიო, დემონმა მიუგო:

- მე ამბროსის შემეშინდა და ამიტომ მედიოლანამდე დავტოვე ყრმა, მაგრამ ამავე ადგილას ველოდებოდი მას, და როცა უკან დაბრუნებული დავინაცე, ხელახლა ვეკვეთე!..

იმ ხანებში თესალონიკის მოსახლეობა თავის მმართველ ბოტერიქეს აუჯანყდა, რომელიც თეოდოსის პირადი მეგობარი იყო, და მოკლა იგი. ხელმწიფე ამის გამო დიდად განრისხდა და მრავალრიცხოვანი მხედრობა გაგზავნა აჯანყებულ მოქალაქეთა დასასჯელად; იმ დღეებში შვიდი ათასამდე თესალონიკელი იქნა მოკლული, რომელთა შორის ბევრი სრულიად უდანაშაულოც იყო, რადგან მეფის მეომრები სულაც არ ეძიებდნენ მმართველის მკვლელებს - ისინი ქალაქის ქუჩებში დადიოდნენ და ყველა შემხვედრს ხოცავდნენ განურჩევლად, მოხუცებსაც, ჭაბუკებსაც და ყრმებსაც კი.

როცა ეს ამბავი წმიდა ამბროსიმ შეიტყო, მეტისმეტად დამწუხრდა და მართალი რისხვით განურისხდა იმპერატორს ასეთი განუსჯელი სისხლისღვრისთვის.  და აი, ერთხელაც, როცა ხელმწიფე თავის ამალასთან ერთად საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიაში დღესასწაულში მონაწილეობისათვის, წმიდა მღვდელმთავარი უშიშრად გამოვიდა მის შესახვედრად, ტაძარში შესასვლელი გადაუღობა და შემდეგი სიტყვებით ამხილა უსამართლო მკვლელობაში:

- არა ჯერ-არს შენდა, მეფეო, წმიდა ზიარებას მიეახლო ერთგულ ქრისტიანებთან ერთად, რადგან მიზეზი გახდი ესოდენი მკვლელობებისა და ჯერ არ შეგინანია შენი საქციელი!.. როგორ უნდა მიიღო ქრისტეს წმიდა სხეული იმ ხელებით, რომლებიც ქრისტიანთა უდანაშაულო სისხლითაა შეღებილი (ძველ დროში მორწმუნენი ხელში იღებდნენ ზიარების ნაწილთ და თვითონვე იდებდნენ პირში). ან კი როგორ მიიღებ ქრისტეს სისხლს იმ ბაგეებით, რომლებმაც ბრძანება წარმოთქვეს ხალხის სასტიკი ამოწყვეტის შესახებ?!.

- დავით მეფემაც ხომ შესცოდა, - შეეპასუხა იმპერატორი. - მანაც ხომ ჩაიდინა მკვლელობა და მრუშობა, მაგრამ ამისთვის არ მოჰკლებია ღმერთის წყალობას!..

მაგრამ წმიდა ამბროსიმ უპასუხა:

- თუკი შენ შეცოდებებში ჰბაძავ დავით მეფეს, მაშინ სინანულშიც უნდა მიჰბაძო!

იმპერატორი ღრმად დამწუხრებული დაბრუნდა სასახლეში და გულწრფელად ნანობდა თავის შეცოდებას. მალე მან ზიდმიწევნით აღასრულა ის ეპიტიმია, რომელიც წმიდა ამბროსიმ განუწესა: საჯაროდ მოინანია თავისი ცოდვა, ქვე იყო დამხობილი ეკლესიის წინ სხვა მონანულებთან ერთად როგორც უბრალო მლოცველი და ცხარე ცრემლებს ჰღვრიდა; ამასობაში ქრისტეს შობის დღესასწაულიც დადგა, თეოდოსი კი თვალცრემლიანი იჯდა სასახლეში და ფიქრობდა, აი, ჩემს მსახურთა და გლახაკთათვის ღიაა ტაძარი, ჩემთვის კი, ამ დღესასწაულზე იგი მიუწვდომელიაო. როცა მეფის დამწუხრების მიზეზი შეიტყო, მისი ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული კარისკაცი რუთინე სასწრაფოდ წმიდა ამბროსისთან გაეშურა, რათა დაეთანხმებინა იგი ეპიტიმიის მოხსნაზე. მის კვალად ეკლესიაში თვით თეოდოსიც მოვიდა. წმიდა მღვდელმთავარმა თავიდან მკაცრად მიიღო ხელმწიფე, და იცოდა რა მისი გულფიცხი ხასიათი, დაჟინებით მოსთხოვა ისეთი კანონის მიღება, რომლითაც სამსჯავროთა განაჩენები სიკვდილით დასჯისა და და ქონების ჩამორთმევის შესახებ უნდა დამტკიცებულიყო მხოლოდ 39 დღის შემდეგ. იმპერატორი დათანხმდა და დაშვებულ იქნა ეკლესიაში. აქაც მან ღრმა სინანული გამოხატა თავისი შეცოდების გამო: ქვე დამხობილი შუბლს იატაკს სცემდა და ცრემლებით დაალტობდა ფილაქანს. ამის შემდეგ ამბროსიმ, ბოლოს, წმიდა ზიარების მიღების ნებაც დართო იმპერატორს. ხელმწიფემ საკურთხეველში შესვლა დააპირა, რადგან ფიქრობდა უწინდებურად მღვდელმსახურებთან ერთად უნდა მივიღო ზიარებაო, მაგრამ წმიდა ამბროსიმ მთავარდიაკვანი გამოიგზავნა გარეთ და უბრძანა, საკურთხევლის წინ დაელოდე ზიარების მიღებას სხვა ერისკაცებთან ერთადო; ამასთან ესეც შეუთვალა მეფეს - „ძოწეული მხოლოდ სამეფო ღირსებას შეგძენს, და არა სამღვდელოსაცო“. ხელმწიფემ მორჩილად მოისმინა ეპისკოპოსის ბრძანება და სხვა მორწმუნეებთან ერთად დადგა საკურთხევლის წინ. თუმცა მან ისიც უთხრა მთავარდიაკვანს, რომ კონსტანტინეპოლში არსებობს ჩვეულება მეფეთა საკურთხეველში ზიარებისა მღვდელმსახურებთან ერთად. შემდგომში, კონსტანტინოპოლში ყოფნისას იმპერატორი თეოდოსი არ შევიდა ზიარებისთვის საკურთხეველში და პატრიარქ ნექტარის შეკითხვაზე, რატომ საკურთხეველში არ შემობრძანდები სამეფო ჩვეულებისამებრ და უბრალო მორწმუნე ერთან ერთად მის გარეთ რად ელოდები წმიდა ზიარებასო, ამოოხვრით მიუგო:

- აქამდე არ ვუწყოდი განსხვავება მეფესა და ეპისკოპოსს შორის, აწ კი ვიცი, რადგან ვისწავლე ეს სიმართლის მოძღვარ ამბროსისგან, რომელიც ერთი იმსახურებს ეპისკოპოსის წოდებას!..

ეპისკოპოს ამბროსის სახელი ყოველგნით განითქვა. ერთხელაც მედიოლანში სპარსეთიდან ჩამოვიდა ორი განსწავლული ბრძენკაცი. მათ ბევრი სმენოდათ წმიდა ამბროსის სიბრძნის შესახებ და აწ სურდათ თვითონვე დარწმუნებულიყვნენ ამაში, რისთვისაც წინდაწინ მოემზადებინათ ბევრი შეკითხვა. ისინი დიდხანს ესაუბრნენ მღვდელმთავარს და მეტად ჰკვირობდნენ მისი ღვთისმეტყველების სიღრმესა და გონების ამაღლებულობას. მერმე მათ ხელმწიფის წინაშეც დაადასტურეს, რომ მხოლოდ ამბროსის გულისთვის დასდგომოდნენ ესოდენ შორეულ გზას აღმოსავლეთიდან დასავლეთში, რადგან სურდათ ენახათ ეს ღმრთივსულიერი კაცი და დამტკბარიყვნენ მისი სიბრძნით...

იმპერატორ თეოდოსის კონსტანტინეპოლში დაბრუნების შემდეგ ვალენტინიანე უმცროსი მისივ მცველების უფროსის არბოგასტეს ღალატით მოკლულ იქნა ქალაქ ვიენაში, და მის ნაცვლად საიმპერატორო ტახტზე დაბალი წარმოშობის კაცი - ევგენი აიყვანეს, რომელიც ვალენტინიანეს მდივნად მსახურობდა და მხოლოდ სახელად იყო ქრისტიანი, შინაგანად კი უფრო კერპთაყვანისმცემლობისკენ და წარმართული ცრუ-რწმენებისა და მოგვობისკენ მიიდრიკებოდა (შემდგომში არბოგასტეს წინააღმდეგ თეოდოსიმ გაილაშქრა, დაამარცხა იგი და ევგენიც სიკვდილით დაასჯევინა). ამ ეგვენიმ, სურდა რა თავი მოეწონებინა რომის ხელისუფალთათვის, სადაც კვლავაც ბევრნი იყვნენ კერპთთაყვანისმცმლები და ეშმაკის მსახურები, ბრძანა გაეხსნათ საკერპე ბომონები და განეახლებინათ დემონური მსხვერპლთშეწირვები. როცა ეს უკეთური ხელმწიფე მედიოლანისაკენ გაემართა, წმიდა ამბროსიმ დასტოვა ქალაქი და ჯერ ბოლონაში წავიდა, შემდეგ კი ფლორენციაში გადავიდა, რადგან არ სურდა შეხვედროდა ამ პირმოთნე ადამიანს, რომელიც თავს ქრისტიანად ასაღებდა, სინამდვილეში კი უზნეო წარმართი იყო. წმიდა მღვდლმთავარი უშიშრად ამხელდა მას წერილობით, და ღმერთის სამსჯავროთიც აშინებდა, მაგრამ მის ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია - ევგენი კვლავაც უკეთურობის გზას ადგა...

ფლორენციაში ღვთის ეს სათნომყოფელი ერთი ღვთისმოშიში მართლმადიდებელი კაცის - დოკენტის სახლში ცხოვრობდა, რომლის მცირეწლოვანი ვაჟიშვილი - პანსოფი არაწმიდა სულით იყო შეპყრობილი და ძალზე იტანჯებოდა. წმიდა ამბროსიმ ლოცვებითა და ხელდასხმით განკურნა იგი. რამოდენიმე დღის შემდეგ პანსოფი ანაზდად ავად გახდა და სულიც დალია. მისმა დედამ, კეთილმსახურმა დედაკაცმა, ყოვლად აღსავსემ რწმენითა და ღვთისმოშიშებით, ამბროსის ოთახში შეასვენა მიცვალებული რა რადგან მღვდელმთავარი იქ არ იყო, მის საწოლზე დადო და წავიდა. შინ დაბრუნებულმა ამბროსიმ თავის საწოლზე დასვენებული მკვდარი ყრმა რომ დაინახა, მაშინვე ჩაკეტა კარი, ლოცვად დადგა და დიდხანს ევედრა ღმერთს დიდი სასწაულის მომადლებას. შემდეგ წამოდგა და ელისე წინასწარმეტყველის მსგავსად (იხ. IV მეფ. 45, 31-35) საწოლს მიუახლოვდა, დაიხარა მიცვალებულ ყრმაზე და სული შთაბერა. ყრმა მკვდრეთით აღდგა და წმიდა ამბროსიმაც უზომოდ გახარებულ დედას ჩააბარა გაცოცხლებული ვაჟიშვილი.

ამასობაში უკეთური ევგენი ლაშქრით დაიძრა მედიოლანიდან თეოდოსის წინააღმდეგ. ქალაქის დატოვებისას მან დაიქადნა, გამარჯვებული რომ დავბრუნდები, მედიოლანის ტაძარს საჯინიბოდ გადავაქცევ ჩემი ცხენებისთვის, მღვდელმსახურებს კი მახვილს შემოვარტყამ წელზეო, ანუ მეომრებად ვაქცევო. მაგრამ მისი ბოროტი განზრახვა განუხორციელებელი დარჩა - იგი დამარცხდა და უსახელოდ იქნა მოკლული კეთილმსახურ იმპერატორთან ბრძოლაში. წმიდა ამბროსი საზეიმოდ შეეგება კეთილმსახურ იმპერატორ თეოდოსის როგორც ძლევაშემოსილს ქრისტეს ეკლესიის მტერთან ბრძოლაში, მაგრამ ხელმწიფე მღვდელმთავარს ფეხქვეშ ჩაუვარდა და მადლობა შესწირა, რადგან სწორედ მის ლოცვა-ვედრებას მიაწერდა თავის გამარჯვებას.

რამოდენიმე ხნის შემდეგ 395 წელს იმპერატორმა თეოდოსიმ მშვიდობით მიაბარა სული უფალს და წმიდა ამბროსიმ ღმრთივსულიერი სიტყვით მიაგო პატივი მის ხსოვნას. ამ კეთილმსახურმა ხელმწიფემ ღვთის სათნო-მყოფელად იმეფა ამქვეყნად და ქრისტეს მარადიულ სამეფოში გადასახლდა. მის შემდგომ ტახტზე მისი ძენი ავიდნენ - აღმოსავლეთში არკადი, რომელიც 390-408 წლებში ზეობდა, დასავლეთში კი ჰონორე (390-413). ჰონორემ მეფობის დროს წმიდა ამბროსის მიერ მოპოვებულ იქნა უფლის მოწამეთა ნაზარისა და კელსის წმიდა ნაწილები (მათი ხსენება აღესრულება 14 ოქტომბერს). ამის შესახებ შემდეგს მოგვითხრობს პავლინე ხუცესი, მოწაფე და მდივანი მღვდელმთავარ ამბროსისა (აღსანიშნავია, რომ ნეტარი ავგუსტინეს თხოვნით, რომელიც ამბროსიმ მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სწორედ პავლინემ დაწერა შემდგომში წმიდა ამბროსი მედიოლანელის ცხოვრება).

„...იმ ხანებში ამბროსიმ წმიდა მოციქულთა ეკლესიაში გადაასვენა მოწამე ნაზარის წმიდა ნაწილები, მოპოვებულნი ქალაქგარეთ მდებარე ბაღში. საფლავში, სადაც მოწამის წმიდა ნაწილები ესვენა, ჩვენ დავინახეთ სისხლი, თითქოს ეს-ესაა წარმოდინდაო; თავი თმებითა და წვერითურთ ისე უხრწნელად იყო შენახული, თითქოს ახლახანს დადეს საფლავადო, სახე კი მოწამეს ისეთი ნათელი ჰქონდა, ახლადგანბანილი გეგონებოდა. და განა რა არის ამაში გასაკვირი, როცა თვით უფალმა მოგვცა თავის სახარებაში ასეთი აღთქმა: „და თმაჲ თავისა თქვენისაჲ არა წარწყმდეს“?! (ლუკა 21, 18). ამასთან ისეთი კეთილსურნელება შევიგრძენი, რომელიც ყოველგვარი სუნამოსებისას აღემატებოდა. როგორც კი მოწამე ნაზარის წმიდა ნაწილები ეტლში გადავასვენეთ, ჩვენ წმიდა ამბროსისთან ერთად მაშინვე შევუდექით მოწამე კელსის წმიდა ნაწილების აღმოყვანებას, რომლებიც იმავე ადგილას იყო. ამ ბაღის პატრონთაგან შევიტყვეთ, რომ წინაპართაგან ანდერძად ჰქონდათ გადმოცემული ბრძანება - არასდროს არ მიეტოვებინათ ეს ადგილი და თაობიდან თაობისთვის გადაეცათ მემკვიდრეობად, რადგან აქ უდიდესი საუნჯეა დამარხულიო. და ჭეშმარიტად უდიდესია ეს საუნჯე, რომელსაც ვერც მატლი და ვერც ჟანგი ვერ შესჭამს და რომელსაც მპარავნიც ვერ ამოთხრიან და მოიტაცებენ (მათე 5, 26). მათი მცველი - უფალია, ხოლო ადგილი იმათთვის, ვისთვისაც სიცოცხლე - ქრისტეა, ხოლო სიკვდილი - შენაძენი, არის დამკვიდრება ცათა შინა (ფილიპ. 1, 21)... როცა ამ მოწამეთა წმიდა ნაწილები მოციქულთა სახელობის ეკლესიაში შევასვენეთ, მღვდელმთავარმა ამბროსიმ უქადაგა იქ შეკრებილ მორწმუნე ერს. ამ დროს ხალხის ჯგუფიდან ხმამაღლა დაიყვირა ერთმა ეშმაკისაგან შეპყრობილმა კაცმა:

- მე ამბროსი მტანჯავს!

წმიდანი მისკენ მიტრიალდა და უთხრა:

- დადუმდი, ეშმაკო! ამბროსი კი არა, წმიდა მოწამეთა სარწმუნოება გტანჯავს შენ, აგრეთვე შენი ბოროტი შურიც, რადგან ხედავ, რომ კაცნი ამაღლდებიან ზეცად და იმკვიდრებენ იმ ადგილს, საიდანაც შენ იქმენ დამხობილი. ამბროსიმ კი არ უწყის ამპარტავნებით ქადილი!

მღვდელმთავრის ამ სიტყვების შემდეგ დემონი დადუმდა, თავის მიერ პყრობილი კაცი კი პირქვე დაამხო იატაკზე“...

ხმამ წმიდა ამბროსის დიდების შესახებ მარკომანების (ერთ-ერთი გერმანული ტომის) დედოფალ ფრიტიგილდას ყურამდეც მიაღწია, და მან მსახურნი გამოუგზავნა მღვდელმთავარს თხოვნით ქრისტეს სარწმუნოებაში დამმოძღვრეო. ამბროსიმ ვრცელ ეპოსტოლეში დაწვრილებით გადმოსცა მისთვის ქრისტიანული სარწმუნოების დაფუძვლები და დაარწმუნა დედოფალი ქრისტიანობის ჭეშმარიტებაში. ფრიტიგილდამ თავისი მეუღლეც მოაქცია ქრისტეს რწმენაზე და დაიყოლია იგი საზავო ხელშეკრულება დაედოთ რომის იმპერიასთან. ამის შემდეგ დედოფალი ფრიტიგილდა მედიოლანს გაემართა, რადგან ძალზე სურდა თავისი სულიერი მოძღვრის ხილვა, მაგრამ უკვე ვეღარ ჩაუსწრო ცოცხალს - წმიდა ამბროსიმ მშვიდობით მიაბარა სული უფალს 397 წლის 4 აპრილს...

წმიდა ამბროსი დიდი კრძალულებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, სრულყოფილი სულიერი სიფხიზლით ჰგიებდა ამქვეყნად; იგი განუწყვეტლივ მარხულობდა, გარდა შაბათ-კვირისა და საეკლესიო დღესასწაულებისა, წმიდა მოწამეთა მოსახსენიებელი დღეებისა; ასევე განუწყვეტლივ ლოცულობდა დღითა და ღამით; ყოველ საქმეს უდიდესი გულმოდგინებით აღასრულებდა და წერილებსა თუ წიგნებსაც თავისი ხელით წერდა, - მალიადმწერლის სამსახურით მხოლოდ მაშინ სარგებლობდა, როცა სხეულებრივი სნეულებით იყო შეჭირვებული. დიდად ზრუნავდა იგი თავისი ეპარქიის ყველა ეკლესიაზე, რაც მეტისმეტად ძნელი, ერთი ადამიანისთვის შეუძლებელი საქმეც კი იყო, რამეთუ მისი გარდაცვალების შემდეგ ხუთი ეპისკოპოსი ძლივს აუდიოდა ამ დიდი ეპარქიის მართვა-განმგებლობას. ასევე უსაზღვროდ დიდი იყო მისი მზრუნველობა ღარიბ-გლახაკთადმი, სნეულთადმი და ტყეობაში მყოფთადმი - მათ წმიდა მღვდელმთავარი მთელს თავის სახსრებს ახმარდა. ეპისკოპოსად არჩევის უმალვე წმიდა ამბროსიმ მთელი თავისი ქონება - ოქრო-ვერცხლი და მამულები ეკლესიას შესწირა, ქვრივ-ობლებს, ღარიბ-გლახაკებს დაურიგა და ტყვეთა გამოსასყიდად გაიღო. თავისი ქონების მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი გამოჰყო თავისი დის შესანახად, თავისთვის კი არაფერი დაუტოვებია, რათა მთლიანად გათავისუფლებულს ქვეყნიურ საზრუნავთაგან, მთელი თავისი ცხოვრება და უნარი ქრისტეს სამსახურისთვის მიეძღვნა, რომელმაც თვით მოგვცა მაგალითი ასეთი ცხოვრებისა - გლახაკივით ჰგიებდა ამქვეყნად, რათა ჩვენ განვმდიდრებულიყავით მისი სიგლახაკით (II კორინთ. 8, 9). ღვთის ეს სათნო-მყოფელი ამბროსი, უფლის მსგავსად, „ყოველთა ექმნა ყოვლად, რათა ყოველნი ეცხოვნა“ (I კორინთ. 9, 22) - უხაროდა გახარებულთა თანა, და ტიროდა მოტირალთა თანა, რამეთუ როგორც ჭეშმარიტი მწყემსი თავისი სამწყსოს ცხოვრებას იზიარებდა.

როცა მისი აღსასრულის დღე მოახლოვდა, წმიდანმა წინასწარ სცნო ეს და უთხრა თავის მღვდელმსახურთ:

- მე მხოლოდ უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე დავრჩები თქვენთან!

ზემორე მოხსენიებული პავლინე ხუცესი, რომელმაც წმიდა ამბროსის ცხოვრება აღწერა, კიდევ ერთ მოვლენაზეც მოგვითხრობს:

„თავის სნეულებამდე მცირე ხნით ადრე წმიდა ამბროსი 43-ე ფსალმუნის განმარტებათა წერით იყო დაკავებული, მე კი იქვე ვიჯექი და მის მეირ წარმოთქმულ სიტყვებს ვიწერდი, რადგან უძლურების გამო მას წერა აღარ შეეძლო. ანაზდად შევხედე და მისი თავის გარშემო ფარისებრი მოყვანილობის ცეცხლი დავინახე; ეს ცეცხლი თანდათან ტრიალით იკვრებოდა და ბოლოს მის ბაგეთა შორის შევიდა და გაუჩინარდა; მაშინ ამბროსის პირისახე თოვლივით გასპეტაკდა. ამ ხილვამ ისეთი თავზარი დამცა, რომ წერა ვეღარ შევძელი, მაგრამ მალე ამბროსის პირისახე ჩვეულებრივი გაუხდა. ამის შესახებ მე ღირსად პატივდებულ დიაკვან კასტულეს ვაუწყე, მან კი, თავადაც ღვთის მადლით შემოსილმა, ამიხსნა, - ეს სულიწმიდა გიხილავს, ზეგარდამოსული ჩვენს ეპისკოპოსზე ცეცხლის სახით, როგორც ოდესღაც უფლის წმიდა მოციქულებზე გადმოვიდაო“...

სახელგანთქმულმა მხედართმთავარმა სტილიქონმა, როცა ამბროსის მძიმე სნეულების შესახებ შეიტყო, წამოიძახა:

- „იტალია დაიღუპება, თუკი ეს მღვდელმთავარი მოგვიკვდა!“

და მან მედიოლანის ყველაზე საპატიო მოქალაქენი წარგზავნა მომაკვდავ წმიდანთან თხოვნით, ევედრე უფალს გაგიხანგრძლივოს ამქვეყნიური სიცოცხლე ჩვენს სასიკეთოდო. ამბროსის ძალზე უყვარდა ეს მოქალაქენი, მაგრამ მათს მხურვალე თხოვნაზე ასე მიუგო:

- ისე როდი მიცხოვრია თქვენს შორის, რომ კიდევაც მრცხვენოდეს თქვენთან დარჩენა! მაგრამ მე სიკვდილისაც არ მეშინია, რამეთუ ყოვლად სახიერი უფალი გვივის!

იმ დროს, როცა წმიდა ამბროსი სასიკვდილო სარეცელზე იწვა, მისგან საკმაოდ მოშორებით, ოთახის კარებთან დიაკვნები კასტულე, პოლემიოსი, ვენესიოსი და ფელიქსი ისხდნენ. ისინი ჩურჩულით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, რათა სნეული მღვდელმთავარი არ შეეწუხებინათ, ისე, რომ ძლივს ესმოდათ ერთმანეთისა. ხოლო მსჯელობდნენ მასზედ, თუ ვინ შეიძლებოდა მედიოლანის ეპისკოპოსი ყოფილიყო წმიდა ამბროსის შემდეგ; ამასთან მათ ხუცესი სიმპლიციანე ახსენეს. ანაზდად მათგან საკმაოდ მოშორებით მწოლიარე მღვდელმთავარმა ხმა აღიმაღლა და, თითქოს საუბარში მონაწილეობსო, სამგზის გაიმეორა:

- ის მოხუცია, მაგრამ კვლავაც მხნედ არის!

ავადმყოფობის ჟამს წმიდა ამბროსიმ ლოცვისას უფალი ჩვენი იესო ქრისტე იხილა, რომელიც სიყვარულით აღსავსე ღიმილით უახლოვდებოდა და თავის ღვთაებრივ პირისახესაც განუცხადებდა. ამის შესახებ მან იქვე მყოფ ლავდის ეპისკოპოსს ბასიანეს აუწყა. როცა წმიდა ამბროსის სულის განტევების ჟამმაც მოაწია, მის სახლში ამ დროს სტუმრად მყოფმა ვერცელას ეპისკოპოსმა ჰონორატემ, რომელიც სახლის ზემოთა ნაწილში ისვენებდა, ზეგარდამო გახმიანებული სიტყვები გაიგონა:

- მალიად აღდეგ და იჩქარე ამბროსისთან, აწ ის სულს განუტევებსო!

ეს ხმა სამგზის განმეორდა, სანამ ეპისკოპოსი საჩქაროდ არ წამოდგა და წმიდა ზიარების ნაწილითურთ მომაკვდავთან არ ჩავიდა. წმიდა ამბროსიმ ილოცა, ეზიარა საუფლო ძღვენს და ბრყინვალე აღდგომის გამთენიის ხანს უფალს მიაბარა თავისი ნეტარი სული. ეს მოხდა 397 წლის 4 აპრილს, როცა წმიდანი 57 წლისა იყო. მისი ცხოვრების აღმწერი პავლინე ხუცესი გვაუწყებს, რომ იმ აღდგომის ღამით მონათლულმა მრავალმა ყრმამ ცხადად იხილა წმიდა ამბროსი ან კათედრაზე, ანდა ტაძარში მავალი; ისინი ხელით და შეძახილებით ანიშნებდნენ მშობლებს. გარდა ამისა, მრავალნი ირწმუნებოდნენ სამღვდელო მოდასეთა თუ ერისკაცთაგან, რომ გარდაცვლილის სხეულზე ზემოდან დადგრომილი მბრწყინავი ვარსკვლავი დაინახეს...

წმიდა ამბროსი მედიოლანელმა მრავალი ღმრთივსულიერი ნაშრომი დაგვიტოვა: ლუკას სახარების განმარტებანი, შექმნათა ექვსდღის კომენტარები ექვს წიგნად, ხუთი წიგნი სარწმუნოების შესახებ, წიგნი საღმრთო საიდუმლოთა შესახებ, ორი წიგნი მკვდრეთით აღდგომის შესახებ (თავისი ძმისა და იმპერატორების - ვალენტინიანესა და თეოდოსის გარდაცვალების გამო), შრომები ამა ქვეყნიდან განშორების, ქალწულობის, ქვრივების, მამამთავარ იაკობის ნეტარი ცხოვრების შესახებ, ელია წინასწარმეტყველის მარხვის, მამამთავარ იოსების - როგორც კეთილკრძალულების მაგალითის შესახებ, აგრეთვე მრავალი საეკლესიო საგალობელი და სხვა. მაგრამ მის ქმნილებათა შორის მთავარი ადგილი უკავია სამ წიგნს „თანამდებობათა შესახებ“, რომლებშიც საუბარია ეკლესიის მღვდელმსახურთა მოვალეობებზე. ამბროსიმვე შემოიღო საღმრთო ლიტურიფიის აღსრულების თავისებური წესიც, რომელიც ძალზე ახლოს დგას აღმოსავლურ-მართლმადიდებლურთან და დღემდე დაცულია მილანის ეკლესიაში...

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ამბროსი მედიოლანელის ხსენებას 7 დეკემბერს დღესასწაულობს - მისი ეპისოკოპოსად დადგინების დღეს. და ეს, ალბათ იმის გამოა ასე, რომ წმიდა მღვდელმთავრის გარდაცვალების დღე - 4 აპრილი - ან დიდმარხვაში მოდის ხოლმე, ანდა - აღდგომის შემდგომ ბრწყინვალე კვირაზე. მისი წმიდა სხეული მედიოლანის დიდ ტაძარში დაკრძალეს, სული კი უფლის ანგელოზთა თანა ყოვლადწმიდა სამებას წარუდგა - ერთს ღმერთს - მამას და ძეს და სულს წმიდას, რომელსა შვენის დიდება საუკუნოდ. ამინ.

ukan
Site made with Antenna Free Trial
Hosted by uCoz