წმიდა დიდმოწამე ანასტასია
დიდმოწამე ანასტასია დიოკლეტიანეს მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. მამამისი წარმართი იყო, დედა კი - ფარული ქრისტიანი. ყრმა ანასტასია აღსაზრდელად ცნობილ ბრძენკაცს - ქრისოგონს მიაბარეს. როცა ნეტარის განსწავლის წლები დასრულდა, გარეგნულ მომხიბლაობასთან შერწყმულმა მისმა გონიერებამ მთელი რომი გააოცა. უფლის რჩეულს მოძღვარმა სხვა ფასდაუდებელი საუნჯეც უძღვნა - ეს იყო ჯვარცმული მაცხოვრის სარწმუნოება.

ანასტასია სიყმაწვილეშივე ეზიარა მწუხარებას: მას დედა ადრე გარდაეცვალა, მამამ კი, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მდიდარ და დიდებულ, მაგრამ ურჯულო და გულსასტიკ რომაელს - პომპლიუსს მიათხოვა. წმიდანმა შესძლო, მოგონილი ავადმყოფობის საბაბით ქალწულება დაემარხა. იგი ღარიბულად ჩაცმული, მოახლის თანხლებით აკითხავდა ხოლმე საპყრობილეში

გამომწყვდეულ ქრისტიანებს. როცა მოახლემ ამის შესახებ პომპლიუსს აუწყა, ეს უკანასკნელი საშინლად განრისხდა და მეუღლე სახლში გამოკეტა. ანასტასიამ ფარულად მიმართა წერილით ქრისტეს აღსარებისათვის საპყრობილეში გამომწყვდეულ თავის აღმზრდელს - ქრისოგონს და ლოცვითი შეწევნა სთხოვა. ქრისოგონმა გაამხნევა წმიდა ანასტასია და თან უწინასწარმეტყველა, რომ მალე მისი მეუღლე დაიღუპებოდა. მართლაც, რამდენიმე ხანში, ელჩიონთან ერთად სპარსეთში მიმავალი პომპლიური ზღვაში დაიხრჩო. დაქვრივების შემდეგ წმიდა ანასტასია უხვად ურიგებდა ქონებას გლახაკებს.

ამ დროს რომის ციხეები ქრისტიანებით იყო სავსე. იმპერატორმა დიოკლეტიანემ განკარგულება გასცა, ერთ ღამეში მოეწყვიტათ ყველა მათგანი, ქრისოგენი კი - მასთან გაეგზავნათ, აკვილეაში. წმიდა ანასტასია შორიახლო მიჰყვებოდა თავის აღმზრდელსა და მასწავლებელს.

იმპერატორმა პირადად დაჰკითხა ქრისოგენი, მაგრამ ვერ მოახერხა მისი გადმობირება და ბრძანა, თავი მოეკვეთათ ნეტარისთვის, შემდეგ კი ზღვაში გადაეგდოთ. მოწამის მოკვეთილი თავი და სხეული ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. საღვთო ჩვენებით, ხუცესმა ზოილმა მიაკვლია მათ, კიდობანში ჩააბრძანა და სახლში დამალა. მაშინ ზოილს ქრისოგონი ეჩვენა, გაუცხადა, რომ მახლობლად მცხოვრები ყმაწვილი ქრისტიანების - აღაპიას, ქიონიას და ირინას წამება მოახლოებულიყო და უბრძანა, წმიდა ანასტასია გაეგზავნა მათთან. თავად ზოილს ნეტარმა მოწამემ მშვიდობიანი აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა. სატანჯველების წინ, როცა ქრისტეს ტარიგებმა სული უფალს შეჰვედრეს, ანასტასიამ მათი წმიდა ცხედრები მიწას მიაბარა.

ერთხელ ანასტასია კეთილმსახურ ახალგაზრდა ქვრივს, თეოდოტიას გაეცნო და მისი სახით ერთგული თანამდგომი ჰპოვა. მალე წარმართებმა ორივეს დევნა დაუწყეს. უღმრთოებმა წმიდა ანასტასია ილირიაში შეიპყრეს. მას შემდეგ, რაც დიოკლიტიანეს ბრძანებით ყველა ტყვე ქრისტიანი ერთ ღამეში ამოხოცეს, ნეტარი დედა ერთ-ერთ საპყრობილეში მივიდა და, შიგ რომ ვერავინ ნახა, ხმამაღლა ატირდა. ციხის მცველები მიხვდნენ, რომ იგი ქრისტიანი იყო, დააკავეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. ეს უკანასკნელი ცდილობდა, წამების შიშით ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა უფლის რჩეული, მაგრამ, რომ ვერაფერს გახდა, ქურუმ ულპიანეს გადასცა იგი. მზაკვარმა ქურუმმა ერთ მხარეს ოქრო, ძვირფასი თვლები და სამოსელი დააწყო, მეორე მხარეს კი - წამების საშინელი იარაღები. ქრისტეს სასძლომ წამების იარაღები აირჩია. ანასტასიას მშვენიერებით მოხიბლულმა ქურუმმა გადაწყვიტა, ძალა ეხმარა მასზე, მაგრამ როგორც კი ნეტარისთვის ხელის შეხება დააპირა, დაბრმავდა. ტკივილისაგან გონდაკარგული ეშმაკის მსახური წარმართული ტაძრისკენ გაიქცა, რომ კერპებისთვის გამოეთხოვა შეწევნა, მაგრამ გზაში დაეცა და სული განუტევა. წმიდა ანასტასია გათავისუფლდა და თეოდოტიასთან ერთად კვლავ ტანჯულ ქრისტიანთა მსახურებას მიეცა. მალე წმიდა თეოდოტია და მისი სამი ძე მოწამეობრივად აღესრულნენ. წმიდა ანასტასია ხელმეორედ შეიპყრეს და შიმშილით სიკვდილი გადაუწყვიტეს. მას სამოცი დღე უჭმელ-უსმელად დაჰყო სატუსაღოში. მოწამეს ყოველ ღამე წმიდა თეოდოტია ეცხადებოდა და განატკიცებდა. როცა მსაჯულმა იხილა, რომ შიმშილმა ანასტასიას ვერაფერი დააკლო, ბრძანა, იგი სიკვდილმისჯილ დამნაშავეებთან ერთად ზღვაში დაეხრჩოთ. მათ შორის იყო ქრისტესთვის დევნილი ევტიქიანეც.

როცა ხომალდი გაშლილ ზღვაში გავიდა, მხედრებმა რამდენიმე ადგილას გაბურღეს იგი, თავად კი ნავში გადახტნენ. ტყვეებს თეოდოტია გამოეცხადა და გემს ნაპირისკენ გაუძღვა. ხმელზე გასულმა, სასწაულებრივად გადარჩენილმა 120-მა კაცმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. მალე ყველა მათგანი შეიპყრეს და წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა ანასტასია ანთებულ კოცონს ზემოთ ბოძზე გაკიდეს. მას შემდეგ, რაც მოწამის ტანჯვით განწმენდილი სული უფალმა შეივედრა, მისი პატიოსანი სხეული კეთილმსახურმა ქალმა აპოლინარიამ ბაღში დაკრძალა. V საუკუნეში წმიდა ანასტასიას უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც მისი სახელობის ტაძარი ააგეს. მოგვიანებით ქრისტეს მხევლის თავი და მკლავი ათონის წმიდა მთის მახლობლად დაარსებულ წმიდა დიდმოწამე ანასტასიას სახელობის მონასტერში გადაასვენეს.

ukan
Site made with Antenna Free Trial
Hosted by uCoz