ukan
წმიდა ღირსმოწამე ანასტასია რომაელი
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი, ერთი ცნობით - დეკიუსის, სხვა წყაროს მოწმობით კი - ვალერიანეს ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი სამი წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. ობოლზე ზრუნვა დედათა მონასტრის იღუმენიამ, სოფიამ იტვირთა და იგი ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ქალაქის თავმა პრობმა ბრძანა, მისთვის მოეგვარათ ანასტასია. ქრისტეს ტარიგი, რომელსაც თავისმა გამზრდელმა და მოძღვარმა მოწამეობრივ ღვაწლზე მისცა კურთხევა, მშვიდად შეხვდა შეიარაღებულ მეომრებს. პრობმა წმიდანის სიყმაწვილე და მომხიბვლელობა რომ იხილა, თავდაპირველად ლიქნით სცადა მისი გადმობირება: „რატომ ღუპავ შენს ყმაწვილქალობას, რად გაურბიხარ შვება-სიამოვნებას? რა მოსაგებელია ჯვარცმულისთვის ტანჯვა და სიკვდილი? ჩვენს ღმერთებს ეცი თაყვანი და ღირსეულ ქმარსაც შეიძენ, დიდებასაც და პატივსაც“. ანასტასიამ მტკიცედ მიუგო: „ჩემი სიძე, ჩემი საუნჯე, ცხოვრება და სიხარული - იესო ქრისტეა. ტანჯვის შიშით ვერ განმაშორებ უფალს!“ დაიწყო ღვთის რჩეულის სასტიკი ტანჯვა: მარტვილის არაადამიანური წამებისა და აბუჩად აგდების მოწმე ხალხი აღშფოთებამ მოიცვა, რამაც ქალაქის თავი იძულებული გახადა, შეეწყვიტა ანასტასიას ტანჯვა და მისთვის თავის მოკვეთის ბრძანება გასცა. ნეტარის ცხედარი ქალაქგარეთ დააგდეს მხეცების საჯიჯგნად, მაგრამ უფალმა არ დაუშვა სიწმიდის შეურაცხყოფა: ზეგარდამო მინიშნებით იღუმენია სოფიამ მიაკვლია ღირსმოწამის ნეშტს და ორი სხვა ქრისტიანის დახმარებით მიწას მიაბარა.
Site made with Antenna Free Trial
Hosted by uCoz