წმიდა გური და სამონი ქალაქ ედესაში (მაკედონია) დაიბადნენ. შემდგომ ისინი უდაბნოში გავიდნენ სამოღვაწეოდ და მრავალ წარმართს მოაქცევდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. როცა იმპერატორებმა: დიოკლიტიანემ (284-305) და მაქსიმიანემ (305-311) ქრისტიანთა დევნა წამოიწყეს, უფლის რჩეულები შეიპყრეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანებმა უღმერთოებს მტკიცე უარით უპასუხეს, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატყდათ თავს, მაგრამ გური და სამონი ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შემწეობას. ნეტართა წამების ერთ-ერთმა მოწმემ მათი ლოცვის სიტყვებიც შემოგვინახა: „უფალო ღმერთო ჩვენო, რომლის ნების გარეშე ბადეში ერთი ჩიტიც არ ხვდება, შენ, რომელმან ჭირთა შინა განავრცე გული დავითისი, წინასწარმეტყველი დანიელი ლომთა უმტკიცესად გამოაჩინე, ებრაელი ყრმები ჯალათთაგან და სახმილისა ბუნებისა ჩვენისა...
წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი და აბიბო
მოწყალე თვალით მოგვხედენ და დაიცევ შორის ჩვენსა ჩაუქრობელი ლამპარი მცნებათა შენთა. ნათლითა შენითა წარმართე სლვანი ჩვენნი და ღირს გვყავ ნეტარებათა შენთა მიმთხვევად, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე“. ღამით მოწამეები ქალაქგარეთ გაიყვანეს და თავები მოჰკვეთეს (+299-306). ქრისტიანებმა მათი წმიდა ნეშტი პატივით დაკრძალეს.

მრავალი წლის შემდეგ უკანასკნელმა წარმართმა იმპერატორმა ლიკინიუსმა (311-324) კვლავ წამოიწყო ქრისტიანთა დევნა. მტარვალმა ბრძანა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელებისთვის ედესის ეკლესიის დიაკონი აბიბოც შეეპყროთ. უფლის რჩეულმა არ ისურვა, რომ მის ძიებას სხცა ქრისტიანებიც ემსხვერპლა, ამიტომ თავად გამოცხადდა ჯალათებთან და სამსჯავროზე ახოვნად აღიარა ქრისტეს სარწმუნოება. ამისთვის მას დაწვა მიუსაჯეს. ქრისტეს ახოვანი მოსაგრე თავად შევიდა კოცონში და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+322). როცა ცეცხლი ჩაქრა, მარტვილის დედამ და ნათესავებმა მისი სრულიად უვნებელი ნეშტი იხილეს, ადიდეს უფალი და წმიდა ცხედარი პატივით დაფლეს წმიდა გურისა და სამონის ნაწილთა გვერდით.

წმიდანთა გარდაცვალების შემდეგ მათდამი სასოებით აღვლენილი ლოცვებით მრავალი სასწაული აღესრულებოდა. ასე მაგალითად, ერთხელ ედესაში გამწესებულმა გუთმა მეომარმა კეთილმსახური ქალწული ეფემია შეირთო ცოლად. ჯვრისწერის წინ მან ასულის დედას, სოფიას წმიდა მოწამეთა: გურის, სამონისა და აბიბოს საფლავთან შეჰფიცა, რომ მეუღლეს სიყვარულსა და პატივს არ მოაკლებდა. ედესაში მსახურების დამთავრების შემდეგ მხედარმა თან წაიყვანა და სამშობლოში დაბრუნდა. მალე გაირკვა, რომ მას ქალწული მოეტყუებინა - სამშობლოში სხვა ცოლი ჰყოლია, ეფემია კი მისი მხევალი გახდა. მრავალი დაცინვისა და დამცირების დათმენა მოუხდა მოტყუებულ ქალს. როცა მას შვილი შეეძინა, ეჭვიანობით გონდაკარგულმა გუთმა დედაკაცმა საწამლავი დაალევინა. ეფემიამ მხურვალე ლოცვით შემწეობა გამოსთხოვა გურის, სამონისა და აბიბოს - მაცთური მხედრის ფიცის მოწმეებს. უფალმაც შეისმინა მისი ვედრება, სასწაულებრივ დაიხსნა სატანჯველთაგან და გადმოიყვანა ედესაში, სადაც დედას შეხვდა. რამდენიმე ხანში ფიცის გამტეხი გუთი ისევ მოხვდა ეფემიას ქალაქში. სოფიამ საჯაროდ ამხილა უსჯულოს ბოროტმოქმედება, რისთვისაც, მმართველის ბრძანებით, იგი სიკვდილით დასაჯეს.

ukan
Hosted by uCoz