ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლები - იოაკიმე და ანა
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულის მომდევნო დღეს ეკლესია მისთა მშობელთა – მართალთა იოაკიმ და ანას ხსენებას დღესასწაულობს. იოაკიმი დავით მეფის მოდგმიდან იყო. დავითის არაერთი შთამომავალი იმედოვნებდა, რომ მათ ოჯახში იშვებოდა მესია, რამეთუ უფალმა აღუთქვა დავითს, რომ მისი მოდგმიდან მოევლინებოდა ქვეყნიერებას მაცხოვარი. ანა მამის მხრივ აარონის სამღვდელმთავრო შტოს ეკუთვნოდა, ხოლო დედით – იუდას ტომს.

ცოლ-ქმარმა თავისი ცხოვრება გალილეის ქალაქ ნაზარეთში გაატარა. ისინი მართალი ცხოვრებითა და კეთილი საქმეებით გამოირჩეოდნენ. მათი უმთავრესი წუხილი უშვილობა იყო. წმიდა გადმოცემის მიხედვით, ერთხელ იოაკიმმა ძღვენი მიიტანა იერუსალიმის ტაძარში, მაგრამ მღვდელმთავარმა არ მიიღო იმ კანონის გამო, რომელიც შესაწირავის მიღებას

კრძალავდა მათგან, ვინც ისრაელს მემკვიდრეს არ უტოვებდა. მწარე ასატანი იყო მართალი ცოლ-ქმრისათვის ამგვარი გაკიცხვა, მით უფრო ტაძარში, სადაც წუხილის შემსუბუქებას ეძებდნენ. მაგრამ ისინი, მხცოვანი ასაკის მიუხედავად, უდრტვინველად ევედრებოდნენ ღმერთს სასწაულებრივად მიენიჭებინა შვილი.

უკანასკნელ, უფალმა ისმინა მათი ლოცვა-ვედრება და მთავარანგელოსი გაბრიელი წარმოუვლინა ანას, რათა ემცნო მისთვის, რომ იგი მუცლად-იღებდა. და მართლაც, მართალმა ანამ მუცლად-იღო და შვა ასული. გახარებულმა მშობლებმა ყრმას სახელად მარიამი უწოდეს. ამგვარად დააჯილდოვა წყალობისმოყვარე უფალმა რწმენა და მოთმინება მართალთა მეუღლეთა და მიანიჭა მათ ასული, რომელმაც კაცთა მოდგმას კურთხევა მოუტანა!

იოაკიმ და ანა მარადქალწულს სამი წელიწადი ზრდიდნენ სახლში, შემდეგ კი აღთქმისაებრ იერუსალიმის ტაძარში აიყვანეს და ღმერთს მიუძღვნეს. ტაძრის შორიახლოს ობოლ ასულთა თავშესაფარი იყო და მარიამიც საცხოვრებლად და სასწავლებლად იქ დარჩა. მალე, 80 წლის ასაკში, იოაკიმი აღესრულა, ანა კი ტაძრის მახლობლად დასახლდა და კიდევ ორი წლის განმავლობაში აკითხავდა ასულს.

მართალნი იოაკიმ და ანა ეკლესიისა მიერ „მშობლებად ღმრთისა“ იწოდებიან, როგორც უფალ იესუ ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი.

მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.

წმინდათა მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანას ხსენება 9 სექტემბერსა და 25 ივლისს აღესრულება .

ukan
Site made with Antenna Free Trial
Hosted by uCoz