წმიდა მოწამე იპოლიტე, ირინეოსი, აბუნდი და კონკორდია - რომში წამებულნი
წმიდა მოწამე იპოლიტე საპყრობილეთა უფროსად მსახურობდა რომში, დეკიუსისა და ვალერიანეს (249-259) ზეობისას. იგი ქრისტიანობაზე წმიდა ლავრენტიმ (ხს. 10 აგვისტოს) მოაქცია. იპოლიტემ პატივით მიაბარა მიწას მოწამეობრივად აღსრულებული თავისი მოძღვრის ცხედარი. როცა ამის შესახებ იმპერატორს მოახსენეს, მან შეაპყრობინა იპოლიტე და სიცილით ჰკითხა: „შენც ჯადოქარი ხომ არ გამხდარხარ, ლავრენტის გვამი რომ მოგიპარავს?“ პასუხად წმიდანმა გაბედულად აღიარა ქრისტე. მტარვალებმა არგნებით გვემეს ნეტარი, ის კი დაუდუმებლად ადიდებდა ქრისტეს. იმპერატორმა ბრძანა, სამხედრო ტანსაცმლით შეემოსათ წმიდა იპოლიტე, შემდეგ კი უთხრა: „გაიხსენე შენი ხარისხი და განაახლე ჩვენთან მეგობრობა: უწინდებურად ჩვენთან ერთად შესწირე მსხვერპლი ღმერთებს!“ მაგრამ მოწამემ უპასუხა: „მე ქრისტეს, ჩემი მაცხოვრის მხედარი ვარ და მისთვის მსურს სიკვდილი“. მაშინ იპოლიტეს მთელი ქონება ჩამოართვეს, მთელ მის სახლეულს თავები წარკვეთეს, ძიძა - კონკორდია წყალში დაახრჩვეს; თავად მტარვალი კი გახელებულ ცხენებს გამოაბეს, რომლებმაც მანამდე ათრიეს ქვებზე, სანამ სხეულდაფლეთილს და თავდაჩეჩქვილს სული არ აღმოხდა. ეს მოხდა 258 წლის 13 აგვისტოს, წმიდა ლავრენტის მოწამეობრივი აღსასრულიდან სამი დღის შემდეგ.

ღამით ხუცესმა იუსტინემ ყველა მოწამე ფარულად დაფლა სიკვდილით დასჯის ადგილას, წმიდა კონკორდიას ცხედარი კი რომში შეურაცხ ადგილას დააგდეს. მალე ქრისტიანებმა, ირინეოსმა და აბუნდიმ ერთი მხედრისაგან გაიგეს ნეტარი მარტვილის ცხედრის ადგილსამყოფელი, კრძელვით წამოასვენეს იგი და წმიდა იპოლიტეს გვერდით დაკრძალეს. ამისთვის ისინი, ისევე, როგორც კონკორდია, წყალში დაახრჩვეს 26 აგვისტოს. ქრისტიანებმა ღამით წამოასვენეს უფლის სათნომყოფელთა ცხედრები და წმიდა ლავრენტის ნეშტის სიახლოვეს მიაბარეს მიწას.

ukan
Hosted by uCoz