წმიდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიკია, პროტოსპათარი გრიგორი და სხვები
წმიდა მოწამენი: იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ფოტი, პეტრე, ლეონტი, მარიამ პატრიკია, პროტოსპათარი გრიგორი და სხვები წმიდა ხატთა თაყვანისცემისთვის ეწამნენ 730 წელს, იმპერატორ ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. უღმერთო თვითმპყრობელმა სამღვდელმთავრო კათედრიდან გააძევა და გადაასახლა წმიდა პატრიარქი გერმანე (715-730), მის ნაცვლად კი ხატმებრძოლი ანასტასი (730-753) აღასაყდრა. კონსტანტინეპოლში კეთილმსახური მეფის, კონსტანტინე დიდის (324-337) დროიდან აღმართული იყო სპილენძისაგან ნაკეთები მცხოვრის სასწაულთმოქმედი ხატი. იმპერატორმა ლეონმა და პატრიარქმა ანასტასიმ მისი მოხსნისა და დამხობის განკარგულება გასცეს. ერთმა მხედარმა კიბე მიადგა კედელს და აუყვა მას ბრძანების შესასრულებლად. შემოკრებილმა ხალხმა ვეღარ გაუძლო ღვთის გმობის ყურებას. ჯერ დიდებული ქალბატონი მარიამ პატრიკია გამოეყო შეკრებილთ, მას სხვებიც მიჰყვნენ, მეჭრნენ კიბეს და ზღუდეს მოაშორეს, რომ მკრეხელისათვის სიწმიდესთან შეხების ნება არ მიეცათ. მეომარი ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. ეს მოხდა 730 წლის 19 იანვარს. ხატის დაცვაში მონაწილეობას ღებულობდნენ პროტოსპათარი (მხედართუფროსი) გრიგოლი, ღირსმოწამე ქალწული თეოდოსია (ხს. 29 მაისს) და სხვები. როცა იმპერატორმა შეიტყო მომხდარი, იქვე ამოჟლიტა მრავალი მართლმორწმუნე, რომელთა რიცხვი და სახელები მხოლოდ უფალმა უწყის. მოწამეობრივად აღესრულა პროტასპათარი გრიგოლიც, ზოგიერთი მართლმადიდებელი კი დიდგვაროვანთა წრიდან - იულიანე, მარკიანე, იოანე, იაკობი, ალექსი, დიმიტრი, ლეონტი, ფოტი და პეტრე - საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილები რვა თვის მანძილზე ყოველდღიურად ხუთას დარტყმას ღებულობდნენ. ბოლოს, იმპერატორის ბრძანებით, მათ გახურებული რკინით დაუწვეს სახეები და თავები მოჰკვეთეს. წმიდა მარიამ პატრიკია არ იყო პყრობილთა შორის. მაგრამ როცა შეიტყო, რომ უფლის რჩეულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, ნებით გამოცხადდა მათი ხვედრის გასაზიარებლად. წმიდათა ცხედრები კონსტანტინეპოლში დაკრძალეს, წმიდა მოწამე თეოდორეს სახელობის ტაძრის სიახლოვეს. 139 წლის შემდეგ მოხდა მათი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
ukan
Site made with Antenna Free Trial
Hosted by uCoz