წმიდა მოწამე სოსანა ქალწული და მის თანა: გაიოზ რომის პაპი, გაბიანე ხუცესი, კლავდი, მაქსიმე, პრეპედიგნა, ალექსანდრე და კუფე
წმიდა მოწამე სოსანა ქალწული დიოკლიტიანეს (283-296) ნათესავის, რომაელი ხუცესის, გაბიანეს ერთადერთი ასული იყო. მშობლებმა ნეტარი კეთილმსახურებით აღზარდეს და სხვადასხვა საერო მეცნიერებებშიც ღრმად განსწავლეს. როცა მრავალი სათნოებით შემკული, ბრძენი და მშვენიერი ქალწულის ქებამ იმპერატორის ყურამდე მიაღწია, მან გადაწყვიტა, მაქსიმიანე გალერიუსისთვის (სხვა ცნობით - თავისი თანამმართველის, მაქსიმიანე ჰერკულისთვის (284-305) მიეთხოვებინა წმინდანი, რაზეც ქალწულმა უარი განაცხადა, რადგან სიყმაწვილიდანვე უფლისთვის ჰქონდა თავი განკუთვნილი. დიოკლიტიანემ მაქსიმიანეს ურჩია, ძალა ეხმარა ქალწულზე. ბილწი ვნებებით აღძრული მაქსიმიანე ღამით მივიდა ნეტართან, არ დაერიდა ლოცვად დამდგარს და შეეცადა, მიახლოებოდა, მაგრამ მის თავზე ბრწყინვალე უფლის ანგელოზის ხილვამ ისე დააფრთხო, რომ მყისვე გამოვარდა ოთახიდან, სასახლეში მიირბინა და დიოკლიტიანეს ამცნო ნანახი. ამის შემდეგ კიდევ უფრო
გააფთრებულმა ხელისუფალმა მართლმორწმუნეთა სასტიკი ჯალათი, მაკედონიუსი გაგზავნა უფლის მხევალთან. უღმრთომ კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა ნეტარს და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ჯერ არგნებით დაუნდობელად გვემა, შემდეგ კი, დიოკლეტიანეს ბრძანებით, მშობლიურ სახლშივე მახვილით განგმირა იგი. სოსანას მოწამეობრივი აღსასრულიდან მცირე ხნის შემდეგ ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულნენ წმიდანის მამა გაბიანე და ბიძა, რომის პაპი გაიოზი (283-296).

წმიდა კლავდი და მისი ძმა, მაქსიმე დიოკლიტიანეს ახლო ნათესავები იყვნენ. ძმებმა გაბიენეს კეთილმსახურ ოჯახთან ურთიერთობით სცნეს ჭეშმარიტი ღმერთი და კლავდის მეუღლესთან, პრეპედიგნასთან და ძეებთან, ალექსანდრესა და კუფესთან ერთად ნათელ-იღეს. ღვთისმოძულე თვითმპყრობელმა შეიპყრო ისინი რომის მახლობლად და ოსტიაში გადაასახლა. აქ მტარვალებმა ცეცხლში გამოწვეს ისინი და ფერფლი ზღვას გაატანეს.

ნეტარი სოსანასა და მისი მამის უხრწნელი ნაწილები რომში, წმიდა ქალწულმოწამის სახელობის ტაძარშია დაცული; წმიდა პაპის, გაიოზის ნაწილებიც რომში, მისივე სახელობის საყდარში განისვენებს.

ukan
Site made with Antenna Free Trial
Hosted by uCoz